საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ ხანძარი ლოკალიზებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ არსებული ხანძრის შესახებ.
ხანძარზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს სასტუმროში ღია ცეცხლი დახვდათ, რის გამოც, დაუყონებლივ დაიწყო შენობაში მყოფი პერსონალისა და დამსვენებლების ევაკუაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
წინანდალში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 35 თანამშრომელი მუშაობს
და მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროში, ორთქლის აბანოში გაჩნდა.