„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მოსახლეობას არ ვუმალავთ, რა მოხდა“
წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ მოსახლეობას არ ვუმალავთ, რა მოხდა და ყველაფერს საჯაროდ ვამბობთ იმისთვის, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განუცხადა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.
დეპუტატის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დასავლელ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დეტალები გამოძიებული იყოს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კანონის ფარგლებში, მაქსიმალურად გამჭვირვალედ ცდილობს, რომ მოსახლეობას გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია მოახსენოს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენს მოსახლეობას არ ვუმალავთ, რა მოხდა და ყველაფერს საჯაროდ ვამბობ იმისთვის, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს. რაც შეეხება ჩატაევს, ერთმანეთისგან ორი რაღაც უნდა გავმიჯნოთ – წინა ხელისუფლების დროს, ამ ადამიანის გათავისუფლება რა გარემოებების გამო მოხდა და იყო თუ არა ის საფუძვლები დაკმაყოფილებული, რის გამოც ის წინა ხელისუფლებას დაკავებული ჰყავდა. ის, რაც ამ ადამიანმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა, ეს მეორე საკითხია. ძალიან გთხოვთ, ამ ორ საკითხს ერთმანეთში ნუ აურევთ. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში ყველა ქვეყანაში ხდება უბედურება, რასაც ტერორიზმი ჰქვია. მნიშვნელოვანია, ჭეშმარიტებას ნათელი ბოლომდე მოეფინოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს და საზოგადოების ინფორმირებას ვახდენთ. ეს კაცი სად იყო და საქართველოში როგორ მოხდა რომ გაირკვევა, შემდეგ საუბარი კონკრეტულ საკითხებზე უფრო მეტად შეგვეძლება”, – განაცხადა კილაძემ.
21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტული სპეცოპერაციის გამოძიების შესახებ სუს-ში ბრიფინგი დღეს გაიმართა.