წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებები განხორციელდა
წიაღის სარგებლობასთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით დეტალურად განისაზღვრა სალიცენზიო პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია წიაღის მომპოვებელი ლიცენზიის მფლობელთა მიერ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  წიაღის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ნორმატიულ დონეზე განისაზღვრა მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც უზრუნველყოფს მტვრის გაფრქვევისა და შიდა სასოფლო გზების დაზიანების რისკების შემცირებას.

გარდა ამისა, განისაზღვრა ობიექტის დამუშავებისას ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვა პირობები, რომელთა მიზანია, წიაღისეულის მოპოვებისა და მისი თანმდევი პროცესების გამო გარემოზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.

უწყების ინფორმაციით, წიაღის შესწავლის პროცესის წახალისების მიზნით ასევე გამარტივდა ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩასატარებლად რიგ ტერიტორიებზე დადგენილი შეზღუდვები. წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეფასებით, ცვლილება წიაღის შესწავლით დაინტერესებულ სუბიექტებს ხელს შეუწყობს, ჩაატარონ უფრო სრულყოფილი და დეტალური კვლევები, რაც გაზრდის გეოლოგიური შესწავლის მაჩვენებელს და შესაბამისად, დადებითად აისახება სასარგებლო წიაღისეულის მარაგების შესახებ სახელმწიფო ფონდებში დაცული ინფორმაციის განახლების პროცესზე.