დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას ომის დასასრულებლად პოტენციური შეთანხმების ფარგლებში
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას ომის დასასრულებლად პოტენციური შეთანხმების ფარგლებში

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდება უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განთავსებას, როგორც პოტენციური გარიგების ნაწილს რუსეთის ომის დასასრულებლად.

ტრამპმა ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

„დიახ, ის დათანხმდება ამას. მე დავუსვი მას ეს კითხვა. ჩვენ დავდებთ ამ გარიგებას, მას არ სურს მსოფლიო ომი“, – თქვა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და უკრაინა მალე შეთანხმდებიან იშვიათი წიაღისეულის შესახებ გარიგებაზე.

„როგორც ჩანს, ძალიან ახლოს ვართ“, – უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს მაკრონთან შეხვედრამდე.

მისივე თქმით, ზელენსკი, შესაძლოა, ვაშინგტონში მიმდინარე ან მომდევნო კვირაში ჩავიდეს ხელშეკრულების ხელმოსაწერად, რადგან უკვე ძალიან ახლოს არიან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან.

„მე შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის. ფაქტობრივად, ის შესაძლოა, ჩამოვიდეს ამ კვირაში ან მომავალ კვირაში შეთანხმების ხელმოსაწერად, რაც კარგი იქნებოდა, სიამოვნებით შევხვდებოდი მას. ჩვენ შევხვდებით ოვალურ კაბინეტში. ამჟამად შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. ისინი ძალიან ახლოს არიან საბოლოო გარიგებასთან. როგორც ვხვდები, მას სურს აქ ჩამოსვლა მის ხელმოსაწერად და ჩემთვის ეს შესანიშნავი იქნებოდა“, – განაცხადა ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას.

ტრამპმა არ დააკონკრეტა, მოიცავს თუ არა შეთანხმება აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს. „ევროპა უზრუნველყოფს, რომ არაფერი მოხდეს“, – თქვა მან.