WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილების აღდგენაზე თხოვნა განიხილა
WADA-ს დამფუძნებელთა საბჭომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს უფლებამოსილების აღდგენაზე თხოვნა განიხილა

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) დამფუძნებელთა საბჭომ დღეს სეულში გამართულ საგანგებო სხდომაზე რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს (RUSADA) უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე წარდგენილი თხოვნა განიხილა.

WADA-ას საბჭომ ერთხმად დაადგინა, რომ მიუხედავად პროგრესისა, რუსეთის მხარემ არ შეასრულა შეთანხმებული საგზაო რუკით გათვალისწინებული რამდენიმე მოთხოვნა.

შესაბამისად, RUSADA ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო ანტისადოპინგო კოდექსის კრიტერიუმებს და ვიდრე ხარვეზები არ გამოსწორდება, ვერ განაახლებს მუშაობას.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, რუსეთის შესაბამისმა უწყებებმა არ შეასრულეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა –  საჯაროდ არ აღიარეს რიჩარდ მაკლარენის საგამოძიებო კომისიის ანგარიშში მოტანილი ფაქტები 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დოპინგის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის არსებობის შესახებ.

ამავე დროს, რუსეთმა WADA-ს არ გადასცა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიაში დაცული სინჯები. პრობლემად რჩება აგრეთვე დოპინგ-ოფიცრებისა და WADA-ს ინსპექტორების არდაშვება ე.წ. დახურულ ქალაქებში.
WADA-ს დამფუძნებელთა საბჭოს დღევანდელი ვერდიქტი შესაძლოა, დამატებითი ბარიერი აღმოჩნდეს რუსეთის ოლიმპიური დელეგაციისთვის, რომლის 2018 წლის ზამთრის თამაშებში დაშვების საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რუსი სპორტსმენების დაშვების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სოკ-ის აღმასრულებელი საბჭო დეკემბრის დასაყისში შეიკრიბება.