ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებზე საერთო დროშის ქვეშ იასპარეზებენ
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ოლიმპიურ თამაშებზე საერთო დროშის ქვეშ იასპარეზებენ

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საერთო დროშის ქვეშ იასპარეზებენ. ამის შესახებ სეულმა ფხენიანთან შემდგარი დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად განაცხადა.

შეთანხმების მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეელი სპორტსმენები თეთრი დროშით გამოვლენ, რომელზეც ლურჯი ფერით კორეის ნახევარკუნძულის სილუეტი იქნება გამოსახული და გაერთიანების იდეის მატარებელი იქნება. გავრცელებული ცნობით, საერთო გუნდები იასპარეზებენ ქალთა ჰოკეიში. სპორტსმენები ერთობლივ წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის სამთო კურორტზე გაივლიან.


სულ ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური ნაკრები 150 წევრისგან შედგება. ისინი სამხრეთ კორეაში 1 თებერვალს გაემგზავრებიან. თამაშებს კი ჩრდილოეთ კორეიდან 230-მდე გულშემატკივარი და მედიაწარმომადგენელიც დაესწრება.

ამ სიახლესთან დაკავშირებით, სამხრეთ კორეის ჰოკეის ნაკრების მწვრთნელმა და ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა შეშფოთება გამოთქვეს. სამხრეთ კორეელ გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული გუნდებით ასპარეზობამ შესაძლოა, ოქროს მედლის მოსაპოვებლად, სამხრეთ კორეის შანსებს საფრთხე შეუქმნას.

გაერთიანებული ნაკრებით ასპარეზობის წინააღმდეგ სამხრეთ კორეაში ონლაინ პეტიციაც შეიქმნა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს მოუწოდებს, უარი თქვას ამ გეგმაზე. პეტიციას ხელს ათობით ათასი ადამიანი აწერს.
ამ შეთანხმებას ეჭვის თვალით უყურებს იაპონიაც

ზამთრის ოლიმპიური თამაშები 9-დან 27 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში გაიმართება.