ვულკანის მასიური ამოფრქვევა ანტარქტიდაზე, რომელმაც სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ცვლილება გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში (PNAS), უდაბნოს კვლევითი ინსტიტუტის პროფესორ ჯოზეფ მაკკონელისა და მისი კოლეგების კვლევა გამოქვეყნდა. დოკუმენტში აღწერილია 17 700 წლის წინ, ანტარქტიდაზე 192 წლის განმავლობაში მიმდინარე ვულკანურ ამოფრქვევათა სერია, რომელიც თანხვედრაში მოდის ყინულოვანი საფარის შემცირებასთან.
„როგორც ანტარქტიკის ყინულოვანი საფარის დეტალური ქიმიური ანალიზები აჩვენებს, დასავლეთ ანტარქტიდაზე მდებარე ვულკან ტაკაჰეს ჰალოგენებით მდიდარი, მასიური ამოფრქვევები ზუსტ თანხვედრაში მოდის სამხრეთ ნახევარსფეროს კლიმატის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ, ფართომასშტაბიან ცვლილებასთან, რომელიც ბოლო გამყინვარების დასასრულს მიმდინარეობდა და რომლის წყალობითაც, დაიწყო გლობალური სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდა“, — აცხადებს მაკკონელი.
დაახლოებით 17 700 წლის წინ დაწყებული კლიმატის ცვლილება მოიცავდა პოლუსისკენ მიმართული ქარების დასავლეთით უცაბედ გადაადგილებას; ეს ქარები გარს უვლიდა მთელ ანტარქტიდას და დაკავშირებული იყო ზღვის ყინულოვანი საფარის ცვლილებასთან, ოკეანის ცირკულაციასთან და ოკეანის სიღრმეების ვენტილაციასთან. ამ ცვლილებათა მტკიცებულება სამხრეთ ნახევარსფეროს ბევრ ადგილასაა ნაპოვნი, მათ შორის პალეოკლიმატურ არქივებში, მაგრამ ამ დრომდე საიდუმლოდ რჩებოდა ცვლილებათა გამომწვევი მიზეზი.
„ვიცით, რომ იმ დროის კლიმატის ცვლილება ძირითადად გამოწვეული იყო მზის ინსოლაციისა და ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მყინვარული საფარის ცვლილებით. გლაციალური და ინტერგლაციალური ციკლები მზის და დედამიწის ორბიტული პარამეტრების მიერაა მართული, რაც გავლენას ახდენს მზის ინსოლაციაზე (მზის სხივების ინტენსიურობა), ისევე როგორც კონტინენტური მყინვარული საფარის ცვლილებებსა და სათბურის გაზების კონცენტრაციაზე“, — განმარტავს მაკკონელი.
„ვასკვნით, რომ ჰალოგენებით მდიდარმა ამ ამოფრქვევებმა ანტარქტიდის თავზე წარმოქმნა ამჟამინდელი ოზონის ხვრელის ანალოგიური ატმოსფერული ოზონის ხვრელი, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი ცვლილებები სამხრეთ ნახევარსფეროს ატმოსფერულ ცირკულაციასა და ყოველმხრივ ჰიდროკლიმატში. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის სისტემა უკვე მომზადებული იყო ცვლილებისთვის, ჩვენ ვასკვნით, რომ ამ ცვლილებებმა განაპირობა გადასვლა ძირითადად გლაციალური კლიმატური მდგომარეობიდან ინტერგლაციალურ მდგომარეობაში. იმის ალბათობა, რომ ეს უბრალოდ დამთხვევა იყო, უმნიშვნელოა“, — ამბობს მაკკონელი.
გარდა ამისა, ამ ამოფრქვევათა შედეგად გამოყოფილი ნალექები, მათ შორის ფტორწყალბადმჟავასა და ტოქსიკური მძიმე მეტალების გაზრდილი დონე — ტაკაჰეს მთიდან 2800 კილომეტრზე განივრცო და სავარაუდოდ, სამხრეთ ამერიკამდეც მიაღწია.
მაკკონელის ყინულის კერნის ლაბორატორია დედამიწის სხვადასხვა ადგილებიდან აღებული ყინულის ნიმუშების მაღალი სიზუსტის ანალიზის საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ნიმუში დასავლეთ ანტარქტიდის მყინვარული საფარის დანაყოფიდან (WAIS Divide) აიღეს, დაახლოებით 3,4 კმ სიღრმიდან. ყინულს 30-ზე მეტი ქიმიური ელემენტის ანალიზი ჩაუტარდა.
დამატებითი ანალიზები და კრიტიკულად საჭირო სხვა კვლევები აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ინსტიტუციებთან თანამშრომლობით წარიმართა.