ევროპარლამენტი უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ფასიანი ელექტრონული რეგისტრაციის პროექტს უყრის კენჭს
ევროპარლამენტის წევრები დღეს სასაზღვრო კონტროლის ახალ წესებს უყრიან კენჭს, რომელიც ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის , ETIAS-ის შექმნას ითვალისწინებს.
როგორც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან, გაიარონ ელექტრონული ავტორიზაცია. ამისთვის მათ ევროკავშირის მგზავრთა საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) უნდა გამოიყენონ.
ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ელექტრონული ავტორიზაციის ღირებულება 7 ევრო იქნება. ავტორიზაცია უფასო იქნება 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული პირებისთვის.
ავტორიზაციის ერთხელ გავლის შემთხვევაში, ის სამ წლის განმავლობაში იმოქმედებს.
როგორც მოსალოდნელია, აპლიკანტი ავტორიზაციას აპლიკაციის შევსებიდან თითქმის დაუყოვნებლივ მიიღებს.
აპლიკაციაში პერსონალური მონაცემების შესახებ შეკითხვების გარდა, იქნება კითხვები წარსულში ნასამართლეობის შესახებ ან აპლიკანტის მიერ კონფლიქტის ზონებში ყოფნის შესახებ. ეს ხელისუფლების წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას, განსაზღვრონ, წარმოადგენს თუ არა პირი საფრთხეს მისი ევროკავშირში ჩასვლამდე. ასეთ შემთხვევაში მგზავრს ევროკავშირში შესვლის უფლება არ მიეცემა.
როგორც ევროდეპუტატები აცხადებენ, შემოწმება მგზავრებს პრობლემებს არ შეუქმნის.
„ეს იქნება მარტივი პროცესი, ონლაინ-შემოწმება, რომელსაც ისინი ევროკავშირში გამგზავრებამდე გაივლიან“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა კინგა გალმა.
ევროპარლამენტის მიერ ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, მას ევროკავშირის მინისტრთა საბჭომაც უნდა დაუჭიროს მხარი.
ევროკომისია მიიჩნევს, რომ სასაზღვრო კონტროლის ახალი სისტემა გააუმჯობესებს საზღვრის მართვას, ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციას და გააძლიერებს დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.