ავსტრიამ საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა
ავსტრიამ საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა

ავსტრიამ საზღვრებზე დროებითი კონტროლი დააწესა. ვენაში ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი ინსბრუკში დაგეგმილ შეხვედრას უკავშირდება, რომელსაც ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დაესწრებიან.

გერმანული მედიის ცნობით, შეზღუდვები მოქმედებს გერმანიისა და ავსტრიის, ასევე იტალიისა და ავსტრიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე.

მძღოლები ვალდებულები იქნებიან, სვლა შეანელონ და ვიზუალური კონტროლი გაიარონ. აღნიშნული რეჟიმი 13 ივლისამდე დარჩება ძალაში.

ვენაში აცხადებენ, რომ კონტროლის გამკაცრება არა მიგრანტების პრობლემას, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება.

დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მაღალჩინოსნები გერმანიის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ მიგრანტების მიღების წესების შესახებ მიღებულ შეთანხმებას განიხილავენ.

გასულ კვირას გერმანიის კოალიციური მთავრობა გერმანიის საზღვრების სიახლოვეს მიგრანტების ე.წ. სატრანზიტო ცენტრების შექმნაზე შეთანხმდა, სადაც მიგრანტების იდენტიფიცირება და მათი მოთხოვნის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს.