ზვიად ძიძიგური - ვფიქრობ, პარლამენტი აქტიურად დაუჭერს მხარს ფინანსთა მინისტრის მიერ წარდგენილ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას
ზვიად ძიძიგური - ვფიქრობ, პარლამენტი აქტიურად დაუჭერს მხარს ფინანსთა მინისტრის მიერ წარდგენილ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობა ვალების აღებისას ნაკლებად იყო დაცული იმ საფრთხეებისგან, რაც ამ პროცესს ახლავს, – ამის შესახებ ახალი ინიციატივების შეფასებისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ახალი წესები, რომელიც რეფორმის ფარგლებში დამკვიდრდება, ყველა საბანკო, საფინანსო თუ საკრედიტო ორგანიზაციას შეეხება და მაქსიმალურად იქნება დაცული მოქალაქეების უფლებები.

„ეს არის სამართლიან წესებზე დაფუძნებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებს. თუკი აქამდე თანხის გადაუხდელობის გამო ხდებოდა ქონების დაყადაღება, ახლა ეს  მხოლოდ არსებული გირავნობის საგანს შეეხება და ყადაღა სხვა ქონებაზე არ გავრცელდება. იზღუდება ლომბარდების სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების – ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება,  საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე. ასეთი ტიპის ძალიან კონკრეტული და საქმიანი ცვლილებები შედის კანონმდებლობაში. აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივა დადებითად შეაფასა ისეთმა მნიშვნელოვანმა სარეიტინგო კომპანიამ, როგორიც არის Moody’s-ი, რაც ძალიან შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და მაკროეკონომიკური პარამეტრების ზრდას“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტი აქტიურად დაუჭერს მხარს ახალ ინიციატივას.

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს საბანკო-საფინანსო სფეროში საკანონმდებლო ინიციატივების პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორში ახალი, სამართლიანი წესები მკვიდრდება. ახალი წესები გავრცელდება მთლიან ფინანსურ სექტორზე – ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით.