ვლადიმერ გუცაევი - „ბაიერნის“ მოთამაშეები მოედნიდან რომ გადიოდნენ, ტრიბუნებიდან „კოკა-კოლას“ ქილები დაუშინეს
ვლადიმერ გუცაევი - „ბაიერნის“ მოთამაშეები მოედნიდან რომ გადიოდნენ, ტრიბუნებიდან „კოკა-კოლას“ ქილები დაუშინეს
საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ თანაწამყვანი ვლადიმერ გუცაევი დაუბრუნდა და გადაცემის სტუმართან, ვეტერან ფეხბურთელ გრიგოლ ცაავასთან ერთად 1981 წელს მადრიდში ჩატარებულ ოთხთა ტურნირზე, „სანტიაგო ბერნაბეუს თასზე“, თბილისის „დინამოს“ გამოსვლა გაიხსენა.
გადაცემის დასაწყისში წამყვანებმა და „ტაიმაუტის“ სტუმარმა „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.
მადრიდის პრესტიჟულ ოთხთა ტურნირზე ვლადიმერ გუცაევს საუკეთესო მოთამაშის პრიზი გადასცეს, ხოლო ტურნირის შემდეგ მას მადრიდის „რეალში“ გადასვლა შესთავაზეს.
„მიმაჩნია, რომ ეს ტურნირი თბილისის „დინამოს“ აქტივშია, რადგან ჩვენმა გუნდმა მადრიდში გამოსვლით დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვფიქრობ, მაყურებლისთვის საინტერესო იქნება ამ ტურნირის გახსენება, რადგან მეც ვთამაშობდი და გრიშა ცაავაც, რომელიც მაშინ 19 წლის იყო და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობას უახლოვდებოდა. ეს იყო ძალიან სერიოზული ტურნირი. სანტიაგო ბერნაბეუ უდიდესი პიროვნება იყო, რომელმაც შექმნა „რეალი“, როგორც უდიდესი კლუბი. მის დროს გუნდმა ჩემპიონთა თასი ზედიზედ ხუთჯერ მოიგო. მან გუნდში მიიყვანა დი სტეფანო, კოპა, ჰენტო, პუშკაში და გუნდში რევოლუცია მოახდინა. „რეალი“ ტოპ-გუნდია, „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა, „ალკმაარმა“ იმ წელს ჰოლანდიის ჩემპიონატი დიდი უპირატესობით მოიგო, „დინამო“ კი თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული იყო. საფეხბურთო გაგებით, „რეალი“ და „ბაიერნი“ მტრები არიან. ჩვენ პირველ მატჩში მადრიდელებს შეგვახვედრეს, რადგან ეგონათ, რომ „ბაიერნი“ „ალკმაარს“ მოუგებდა და ფინალში მადრიდელები და მიუნხენელები შეხვდებოდნენ ერთმანეთს“, – იხსენებს ვლადიმერ გუცაევი.
გრიგოლ ცაავა: „მადლობა ნოდარ ახალკაცს, რომ ასეთი ფეხბურთელების გვერდით ასეთ დიდ ტურნირზე წამიყვანა. „დინამომ“ იმ წელს თასიც მოიგო და ცნობილი იყო, რომ „ლივერპულმა“ სუპერთასზე მონაწილეობაზე უარი თქვა. ჩვენს გუნდს სახელი ამანაც შეუქმნა“.
ვლადიმერ გუცაევი: „ტურნირის შემდეგ ჩვენ გუნდთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო, ბევრი ჟურნალისტი მოვიდა და დაინტერესდა. „რეალს“ შენგელიამ ორი გოლი გაუტანა, მაგრამ მეხუთე წუთზე ყიფიანი დაამტვრიეს და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე დაგვაკლდა. 69-ე წუთამდე 2:1 ვიგებდით და არაფერს ვუთმობდით, მაგრამ მსაჯმა ძალიან ცუდი როლი ითამაშა. თამაშგარედან გოლი ჩათვალა, პენალტი მოიგონა და შვიდ წუთში 2:4 გახდა. სხვათა შორის, ამ გუნდში 10 ნომრით დელ ბოსკე თამაშობდა. გულშემატკივრები ამბობდნენ, რომ ჩვენნაირი მხოლოდ სამი გუნდი ახსოვდათ – დი სტეფანოს „რეალი“, 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები და კრუიფის „აიაქსი“. სულ სამი ინდივიდუალური პრიზი იყო და ორი ჩვენ გადმოგვცეს – შენგელია ოთხი გოლით ბომბარდირი გახდა, საუკეთესო მოთამაშის პრიზი კი მე გადმომცეს. შენგელია უდიდესი ფეხბურთელი გახლდათ. ასეთი ცენტრფორვარდი იშვიათი იყო, არაფრისგან გოლი გაჰქონდა“.
გრიგოლ ცაავა: „მესამე ადგილისთვის „ბაიერნს“ შევხვდით. ყიფიანის შემცვლელი ნუკრი კაკილაშვილი იყო. ისიც გერმანელებთან პირველ ტაიმში დაშავდა და ახალკაცმა მითხრა, მოვმზადებულიყავი. მსაჯმა გერმანელების კაპიტანს, ბრაიტნერს წითელი აჩვენა. მე ვემზადები შესასვლელად. ამ დროს თავაძემ ბურთი წაართვა რუმენიგეს, რომელმაც ფეხი მიარტყა და ყვითელი აჩვენეს. ბრაიტნერმა დაუძახა რუმენიგეს, რაღაც უთხრა და მთელი გუნდი გაიყვანეს მოედნიდან. მე ვფიქრობდი, ნეტა გამოვიდნენ და ვითამაშო-მეთქი, მაგრამ რომ არ გამოვიდნენ, მსაჯმა მატჩი დაასრულა“.
ვლადიმერ გუცაევი: „მთელი თამაში, ამხელა ვარსკვლავები, ბრაიტნერი და რუმენიგე მსაჯს დასდევდნენ. დღემდე ვერ გავიგე, რატომ უნდა მიმხრობოდა მსაჯი საბჭოთა კავშირიდან ჩასულ ვიღაც „დინამოს“. ფაქტი ისაა, რომ „ბაიერნი“ დავჩაგრეთ და შენგელიამ ისევ ორი გოლი გაიტანა. ანგარიში გავხსენით და გაათანაბრეს, მაგრამ ისევ დავწინაურდით. ისინი კი მიზეზებს ეძებდნენ. მოედნიდან რომ გადიოდნენ, მათ სტადიონიდან „კოკა-კოლას“ ქილები ისე დაუშვეს, შეგვეცოდნენ. 40 წუთი ველოდით, მერე გასახდელში შევედით, შხაპი მივიღეთ, ჩავიცვით და მოვდიოდით, როდესაც გერმანელების წარმომადგენელი მოვიდა, სათამაშოთ მზად ვართო. ახალკაცი ასეთ მომენტებში ქუჩურ დამოკიდებულებას ავლენდა და პირდაპირ უთხრა – შენ ხომ არ უბერავ, ხალხმა შხაპი მიიღო და მივდივართო“.
გრიგოლ ცაავა: „ამ ტურნირზე დუბლების გათამაშებაც იყო, სადაც „რეალთან“ 0:1 წავაგეთ, მესამე ადგილისთვის მატჩი კი „ალკმაართან“ 3:3 ვითამაშეთ და პენალტებში 8:7 მოვუგეთ. მაგრამ რადგან ძირითად შემადგენლობასთან ვიყავი, დუბლებში ვერ ვითამაშე და გერმანელთა გასვლამ ასეთ ტურნირზე ძირითად „დინამოში“ თამაშის შანსიც წამართვა“.
ვლადიმერ გუცაევი: „ჩვენი დუბლები ძალიან კარგად გამოვიდნენ და აჩვენეს, რომ პერსპექტიული გუნდი ვიყავით. ყველა კმაყოფილი იყო“.
ვლადიმერ გუცაევმა გაიხსენა, მადრიდის „რეალი“ მისით რომ დაინტერესდა: „მადრიდელთა პრეზიდენტი თავისი იურისტებით მოვიდა. ჩვენ ჰოლში ვიყავით და თავიდან ვერ გავიგეთ, რატომ მოვიდნენ. ისინი ჩვენს ხელმძღვანელობას შეხვდნენ – ახალკაცს, ასათიანს, კუტივაძეს და საბჭოთა უშიშროების წარმომადგენელს. მერე კუტივაძემ თქვა, ვოვას წაყვანა სურდათო. 1981 წელს, მაშინ, კომუნიზმის პიკში, მაგაზე ფიქრიც დანაშაულს ნიშნავდა, სადმე გადასვლა ზღაპარი იყო. მერე დავით ქლიბაძემ და იგორ კუდრინმა „რეალის“ მწვრთნელს ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელმაც „დინამოსა“ და ჩემზე ილაპარაკა. ეს რომ გავიგე, გამიხარდა, ასეთი სერიოზული გუნდის მწვრთნელს რომ მოვეწონე“.
ვლადიმერ გუცაევის თქმით, ლეგენდარული „დინამოს“ ნგრევა ამ ტურნირის შემდეგ დაიწყო: „გუნდი, რომელსაც კიდევ სამი წელი შეეძლო უმაღლეს მწვერვალზე ყოფნა, ამის შემდეგ ძალიან სწრაფად დაიშალა. ყიფიანმა ტრავმა მიიღო და 1982 წლის გაზაფხულზე კარიერა დაასრულა, როდესაც მაღალ დონეზე თამაში კიდევ 2-3 წელი შეეძლო. სამწუხაროდ, დარასელია გარდაიცვალა, მე 1982 წლის დასაწყისში მენისკის ტრავმა მივიღე, მერე ახალკაცმა გუნდიდან რამდენიმე მოთამაშე გაუშვა. თუმცა, ეს გუნდი ლეგენდად დარჩა და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ დღემდე მსოფლიოს გამორჩეულ გუნდებს შორის ასახელებენ“.