საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი - კვარაცხელია ბევრად დიდ სარგებლობას მოიტანს შეტევაში, მაგრამ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დაცვაში ყველამ უნდა იმუშაოს #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა და საქართველოს პირველი არხის გადაცემის, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას გამოსვლაზე ისაუბრა.
„პსჟ-ის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარებოდა, რადგან თავისი კლასითა და კვალიფიკაციით მეტოქეს აშკარად სჯობდა. „არსენალი“ პირველ ტაიმში ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ ასეთ მატჩებში ეს საკმარისი არ არის – მეტოქეს უნდა აჯობო და გოლები გაიტანო.
„არსენალის“ მწვრთნელის, მიკელ არტეტას პრესკონფერენციას ვუსმინე და თქვა, რომ ფრანგების წარმატებაში დიდი როლი მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ითამაშა, რაშიც ვეთანხმები – იტალიელმა მეკარემ ბოლო მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა, ერთი შეცდომაც არ დაუშვია, თუმცა პსჟ მთლიანობაში ძალიან კარგი გუნდია.
საერთოდ, ფეხბურთი სერიოზულად შეიცვალა. ხვიჩა კვარაცხელია ბევრად დიდ სარგებლობას მოიტანს შეტევაში, დაცვაში თამაშს ასეთ დიდ ყურადღებას რომ არ უთმობდეს, მაგრამ მწვრთნელი მიიჩნევს, რომ დაცვაში ყველამ უნდა იმუშაოს. თუ ამის შნო გაქვს, მაშინ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იქნები.
ლუის ენრიკეს მესი და მბაპე რომ ჰყავდა, თამაშს მათზე აწყობდა, მაგრამ მათ ნაცვლად გუნდში უფრო შრომისმოყვარე ბიჭები მიიყვანა, გუნდი თავისი გემოვნებით დააკომპლექტა და შედეგიც შესაბამისია“.