საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – 27 წლის ნოდარ ახალკაცი „ლოკომოტივში“ თამაშობდა, მთავარ მწვრთნელად სწრაფად დანიშნეს #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმირ გუცაევმა კომენტარი გააკეთა „იბერიის“ პრეზიდენტის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გუნდს მომავალ სეზონშიც 29 წლის გუგა ნერგაძე გაწვრთნის. ნერგაძემ გუნდი ზაფხულში ჩაიბარა და ჩემპიონობამდე მიიყვანა.
„გუგა ნერგაძე საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია და ამასთან, ძალიან თვითკრიტიკულიც. ერთი მატჩი წავაგეთ და მითხრა – ეს ჩემი ბრალია, მაგრამ გპირდები, დანარჩენ თამაშებს მოვიგებთ და ჩემპიონები გავხდებითო. მსგავსი რამ ჩემს საფეხბურთო პრაქტიკაში იშვიათად მახსენდება. მას ჩვენგან სრული ნდობა აქვს და დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული. იმედია, რთულ გზას ერთად გავივლით“, – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ამ თემასთან დაკავშირებით ვლადიმირ გუცაევმა ნოდარ ახალკაცის კარიერიდან ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა:
„ნოდარ ახალკაცი 27 წლის იყო, „ლოკომოტივში“ თამაშობდა, როცა ტრავმა მიიღო და მაშინვე გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. იმ პერიოდში „ლოკომოტივი“ ძალიან ძლიერი გუნდი იყო – თბილისის „დინამოსა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შემდეგ, ფაქტობრივად, ქვეყნის მესამე გუნდი. ამიტომ აქ არაფერია გასაკვირი. ღმერთმა ინებოს, რომ ნერგაძემაც დიდი გზა გაიაროს“.