საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – შემთხვევითი არ არის, რომ ლუის ენრიკე შემადგენლობაში ძირითადად კვარაცხელიასა და დემბელეს ათამაშებს #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ვლადიმერ გუცაევი – შემთხვევითი არ არის, რომ ლუის ენრიკე შემადგენლობაში ძირითადად კვარაცხელიასა და დემბელეს ათამაშებს #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტმა, ვლადიმერ გუცაევმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიასა და „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ „არსენალთან“ მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

„აშკარაა, რომ პსჟ-მა „არსენალს“ ყველანაირად ჯობია — ტექნიკით, ტაქტიკითა და სისწრაფით. ამ შეხვედრას რომ ვუყურებდი, დავრწმუნდი, ინგლისში რომც ვერ მოეგოთ, პარიზში შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.

მთელი თამაში ფრანგების ინიციატივით წარიმართა. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ „არსენალი“ სწორედ ამიტომ ვერ ხდება ინგლისის ჩემპიონი. მას მაღალი დონის მოთამაშეები არ ჰყავს და ჯერჯერობით ვერ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ტურნირის მოგება შეუძლია. ეს გუნდი ხან მეორეა, ხან – მესამე. ახლაც უკვე გაჩემპიონებულ „ლივერპულს“ 15 ქულით ჩამორჩება.

თუ ნახევარმცველებს შევადარებთ, „არსენალის“ ოდეგორს ვერაფრით შევადარებ პსჟ-ის ფეხბურთელ ვიტინიას. ის მთელი თამაში მოძრაობს, თან მსუბუქად, თავისუფლად და შეხვედრასაც კარგად მართავს.

ამიტომაც ეჭვი არ მეპარება, რომ ამ წყვილიდან ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ გავა და სრულიად დამსახურებულად. ეს, მით უმეტეს, მსიამოვნებს, რადგან ფრანგული კლუბის რიგებში ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს — ფეხბურთელი, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს.

რაც შეეხება პსჟ-ის შემტევებს, მიმაჩნია, რომ კვარაცხელია და დემბელე ერთ დონეზე დგანან. დუე კარგია, მაგრამ ჯერ ადრეა იმის თქმა, რომ უკვე ტოპ ფეხბურთელია. რაც შეეხება ბარკოლას — ამ ოთხეულში ყველაზე სუსტი სწორედ ის არის. სწორედ ამიტომ ათამაშებს ლუის ენრიკე შემადგენლობაში ძირითადად დემბელესა და კვარაცხელიას“, – განაცხადა ვლადიმერ გუცაევმა.