ვოიაჯერის მისიის ხომალდებმა მზის სისტემა რამდენიმე წლის წინ დატოვეს. ახლა ისინი მზისგან 23 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებიან, ვარსკვლავთშორის სივრცეში მიჰქრიან, მაგრამ ჯერ კიდევ აფიქსირებენ მზისგან მომდინარე კოსმოსური სხივების ანთებებს.
ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის მიერ გამოგზავნილი უახლესი მონაცემების ანალიზი პირველად მიუთითებს ვარსკვლავთშორის სივრცეში კოსმოსური სხივების ელექტრონთა ანთებებზე.
ეს ენერგიული ნაწილაკები მზის სისტემის კიდეებზე მზის ამოფრქვევათა შოკურ ტალღებს, ე. წ. კორონარული მასის ამოფრქვევებს მიაქვს და როგორ ჩანს, ისინი ჩვენი მზის მძლავრი ქარების მიღმაც ჩქარდებიან.
„იდეა, რომ შოკური ტალღები ნაწილაკებს აჩქარებს, ახალი არ არის“, — ამბობს აიოვის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი დონ გარნეტი.
მისი თქმით, მსგავსი პროცესები შემჩნეულია მზის სისტემის საზღვრებშიც, სადაც მზის ქარები ყველაზე მძლავრია, მაგრამ აქამდე არასოდეს გვინახავს ვარსკვლავთშორის შოკურ ტალღასთან ერთად, სრულიად ახალ, ხელუხლებელ სივრცეში.
მზის ზედაპირი გამუდმებით გამოყოფს მზის ქარს — დამუხტულ ნაწილაკთან ნაკადს პლაზმის სახით, რომელიც წარმოქმნის თანმხლებ მაგნიტურ ველს. მზის სისტემის საზღვრების დადგენა რთულია, მაგრამ „ბუშტს“, რომელსაც მზის ქარი და მის მიერ გადატანილი მატერია წარმოქმნის, ჰელიოსფერო ეწოდება.
მზის ქარი გაივლის მზის სისტემის ყველა პლანეტასა და ობიექტს, საბოლოოდ კი ვარსკვლავთშორის სივრცეს აწყდება. დიდწილად, სწორედ ამ შეჯახების ადგილს განსაზღვრავენ მზის სისტემის საზღვრად.
მზის მაგნიტურ ველს მიღმა, ვარსკვლავთშორისი სივრცის სიცივეში, სადაც გარემო პირობები ძლიერ განსხვავებულია, უცნობია, რა ემართება მზის პლაზმასა და კოსმოსურ სხივებს, რომლებიც ასე შორსაც აღწევს, თუ ისინი თან მიაქვს შოკურ ტალღას.
როგორც იქნა, ამის შესახებ უფრო მეტის გარკვევის საშუალება ვოიაჯერის მისიის ხომალდებმა მოგვცეს. ასტრონომები ამჯერად გვთავაზობენ ახალ მოდელს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება ემართებოდეს ამ შოკურ ტალღებს ვარსკვლავთშორის სივრცეში.
მათი თქმით, ყველაფერი იწყება მზის ზედაპირზე მასიური ამოფრქვევით, რომელიც მზის სისტემაში კვაზი-სფერულ შოკურ ტალღას გზავნის.
როდესაც ენერგიის ტალღას მიყოლებული კორონარული მასის ამოფრქვევის პლაზმა ვარსკვლავთშორის სივრცეს აღწევს, შოკური ტალღა უბიძგებს უფრო მაღალი ენერგიის კოსმოსურ სხივებს, რომ დაარტყას ტალღის მიერ წარმოქმნილ, დაღმა მიმავალ მაგნიტურ ველს და ეს კიდევ ერთი შოკი მათ კიდევ უფრო მაღალენერგიულ მდგომარეობაში ირეკლავს და აჩქარებს; სწორედ ეს დაავიქსირეს ვოიაჯერებმა.
პლაზმა დაბალენერგიულ ელექტრონებს აცხელებს, რომლებიც შემდეგ მაგნიტური ველის გასწვრივ ვრცელდებიან. ვოიაჯერების მონაცემები მიუთითებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, პლაზმას თვეც სჭირდება, რომ დაეწიოს მის წინ მიმავალ შოკურ ტალღას.
ამ საწინააღმდეგო მიმართულების რეგიონს მეცნიერებმა „კოსმოსური სხივების წინასწარ მომასწავებელ ბიძგი“ უწოდეს და როგორც მკვლევართა ჯგუფი ფიქრობს, ის ხდება ვარსკვლავთშორისი სივრცის მაგბიტური ველის ხაზს უკან, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
„კოსმოსურ სხივთა ინსტრუმენტებით გამოვავლინეთ, რომ ეს გახლავთ ელექტრონები, რომლებსაც ირეკლავს და აჩქარებს მზეზე მომხდარი ენერგიული მოვლენების მიერ წარმოქმნილი და გავრცელებული ვარსკვლავთშორისი შოკური ტალღები. ეს ახალი მექანიზმია“, — ამბობს გარნეტი.
ეს ამაღელვებელი აღმოჩენა კარგად ეთავსება ბოლოდროინდელ სხვა მონაცემებს. ჰელიოსფეროს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ, ვოიაჯერის მისიის ხომალდებმა გამოგზავნეს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს, რომ ჰელიუპაუზის მიღმა იმაზე ძლიერი მაგნიტური ველია, ვიდრე გვეგონა — სავარაუდოდ საკმარისი იმისთვის, რათა შოკური ტალღის წინ არსებული ელექტრონები აირეკლონ და კიდევ უფრო აჩქარდნენ.
„ჩვენი აზრით, ეს გახლავთ მაღალენერგიულ ელექტრონთა ანთებები, რომლებიც რელატივისტურ კოსმოსურ სხივთა ელექტრონებისგან არეკვლისას (და აჩქარების) წარმოიქმნენ მაშინ, როდესაც შოკური ტალღა პირველად შეეხო ხომალდებზე გამავალ ვარსკვლავთშორისი მაგნიტური ველის ხაზს“, — წერენ მკვლევრები.
კოსმოსური რადიაციისა და მზის შოკური ტალღების ფიზიკის გარკვევა დაგვეხმარება, რომ უკეთ განვსაზღვროთ მზის სისტემის საზღვრები და შევისწავლოთ ვარსკვლავთა აფეთქების რადიაციის საფრთხე სივრცეში.
40 წელიწადზე მეტია, რაც ვოიაჯერის მისიის ორი ხომალდი უსასრულო კოსმოსს მიაპობს და დღემდე აგზავნიან მონაცემებს, რომლებიც მუდამ რაღაც ახალს გვასწავლის.
კვლევა The Astronomical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.