ვლადიმირ ზელენსკი ყველას მოუწოდებს, უყურონ ფილმს, რომელსაც ავტობუსის გამტაცებელი მოითხოვს [ვიდეო]
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართა, სადაც ყველას მოუწოდებს, ნახონ ფილმი „დედამიწელები“.
ლუცკში ავტობუსის გამტაცებლის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ყველას ენახა სწორედ ეს ფილმი.
პრეზიდენტის აღნიშნული ვიდეომიმართვა ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.
„დედამიწელები“ 2005 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმია, რომელშიც ცხოველების ექსპლუატაციაზეა საუბარი.
უკრაინის დროით 09:25 საათზე ქალაქ ლუცკში, მოქალაქე მაქსიმ კრივოშმა ავტობუსი გაიტაცა, პოლიციაში თავად დარეკა და სამართალდამცველებს აცნობა, რომ მძევლები ჰყავდა აყვანილი. გამტაცებელი ამბობს, რომ მძევლებს შორის არიან ბავშვები და ორსულებიც, ერთი მძევალი კი, დაჭრილია.
ამასსთან, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიციამ გატაცებული ავტობუსიდან სამი მძევალი გამოიყვანა.
„დედამიწელების“ ყურების გარდა, გამტაცებლის მთავარი მოთხოვნაა, მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის ითხოვს, სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებმა „იუთუბზე“ მიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ სწორედ ისინი არიან „კანონიერი ტერორისტები“.