ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის მომავალი პრემიერი უნდა იყოს პროფესიონალი ეკონომისტი, რომელიც წარსულში არ ყოფილა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის სპიკერის ან რომელიმე პარტიის ლიდერის პოსტზე.
„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, გულწრფელად გეტყვით, შეიძლება ეს არ მოეწონოს ზოგიერთ ადამიანს, ვინც პარლამენტში მოხვედრას ცდილობს, რადგან ისინი ამ ადგილზე საკუთარ თავს ხედავენ. ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს აბსოლუტურად პროფესიონალი ეკონომისტი, რომელსაც არ ექნებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვისურვებდი, რომ ეს იყოს სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა არც პრემიერ-მინისტრი, არც სპიკერი, არც რომელიც ფრაქციის ლიდერი. მე ვხედავ ასეთ ადამიანს. გულწრფელად გითხრათ, ზოგიერთთან კონსულტაციებს ვმართავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გამორიცხა არჩევნების შემდეგ რადაში ძველი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კოალიციის ჩამოყალიბება.
„ყველაფერს ჩვენი ხალხი წყვეტს. ვფიქრობ, არჩევნები იქნება სამართლიანი და ხალხი აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ ხელისუფლებისადმი… ძველი ხელისუფლებიდან ჩვენს კოალიციაში არავის ვხედავთ. ჯერ არ ვიცით, რომელი პარტიები მოხვდებიან პარლამენტში. გადაწყვეტილებას შედეგების გამოცხადების შემდეგ მივიღებთ“, – აღნიშნა ვლადიმირ ზელენსკიმ.
უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს, რომელთა პარტიულ სიებში 2 747 კანდიდატია. ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში სულ 3 083 კანდიდატი იყრის კენჭს. მათგან ნახევარი დამოუკიდებლად მონაწილეობს არჩევნებში.
წინასწარი პროგნოზით, მეცხრე მოწვევის რადაში ხუთი პარტია შევა. ფავორიტი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურია“, მეორე ადგილზე კი არის ვიქტორ მედვედჩუკის „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, რომელსაც ამომრჩეველთა 12 პროცენტი უჭერს მხარს. რადაში ასევე მოხვდებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პარტია „ევროპული სოლიდარობა“, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და როკმუსიკოს სვიატოსლავ ვაკარჩუკის „გოლოსი“.
რადას ვადამდელი არჩევნების წინასწარი შედეგი საღამოს გახდება ცნობილი. ეგზიტპოლების შედეგები 21 ივლისს, საღამოს გამოქვეყნდება.
მეცხრე მოწვევის რადას პირველის სხდომა 9 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს.
უკრაინაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტოს არჩევნებს საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი აშუქებს.