ვლადიმერ კონსტანტინიდი - ქართველი მეზღვაურის გათავისუფლება კოორდინირებული მუშაობით და პარტნიორების დახმარებით მოხერხდა
ქართველი მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის სამშობლოში დაბრუნების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მეზღვაურს ოჯახის წევრები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.
„სოსლან კაკაბაძემ და მისი ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა მინისტრსა და სამინისტროს მისი გათავისუფლების საქმეში ჩართულობისა და გატარებული საქმიანობისთვის.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მეზღვაურის დაკავებიდან, 2015 წლიდან ამ დრომდე ლიბიაში არსებული არსებული მძიმე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისის გამო, სოსლან კაკაბაძის საქმის სასამართლო განხილვა ვერ ხერხდებოდა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინტენსიური სამუშაო ჩაატარა საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად, გამოიყენა რა ყველა სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმები – უცხოელი პარტნიორებისა და ლიბიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით. სოსლან კაკაბაძის გათავისუფლებას წინ უძღოდა ეგვიპტეში საქართველოს ელჩის, ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი ლიბიაში და მისი შეხვედრები ლიბიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების საქმეში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
როგორც სოსლან კაკაბაძის დახვედრის დროს ბათუმის აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართველი მეზღვაურის გათავისუფლების პროცესი იყო რთული, თუმცა კოორდინირებული მუშაობით და პარტნიორების დახმარებით შესაძლებელი გახდა ამ შედეგის მიღება. მისივე თქმით, მაისის მეორე ნახევრში გაიმართება ლიბიაში მყოფი დანარჩენი ქართველი მეზღვაურების საქმის განხილვა.
სოსლან კაკაბაძე ლიბიაში 2015 წელს დააკავეს და მიმდინარე წლის 29 აპრილს გაათავისუფლეს. კაკაბაძე საქართველოში დღეს დაბრუნდა.