ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული სოსლან კაკაბაძე ბათუმში დაბრუნდა
ლიბიის ციხიდან გათავისუფლებული სოსლან კაკაბაძე ბათუმში დაბრუნდა

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე თითქმის სამწლიანი პატიმრობის შემდეგ ბათუმში დღეს დაბრუნდა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სოსლან კაკაბაძე 29 აპრილს გაათავისუფლეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ტრიპოლიში გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მზარეულად სამუშაოდ კაკაბაძე 2015 წლის აგვისტოში წავიდა. სამუშაოს დაწყებიდან 12 დღეში, ეკიპაჟი, რომელშიც სოსლან კაკაბაძე იმყოფებოდა, ლიბიაში დააკავეს.

ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება, გენადი კომახიძე და რომა კაკალაძე. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.