გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა
გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი შეხვდა

აფრიკაში მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახის წევრებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი შეხვდა.

იოსელიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უწყებას აქტიური კომუნიკაცია აქვს,  როგორც გემის მფლობელ კომპანიასთან, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იმყოფებოდნენ, ასევე იმ ქვეყანასთან, რომლის დროშის ქვეშაც მცურავი იყო ხომალდი. ამასთან, მისი თქმით, გემის მფლობელი კომპანიის თხოვნით, დეტალური ინფორმაციის გაცემისგან, მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უწყება თავს იკავებს.

„შევხვდით ოჯახის წევრებს, მივაწოდეთ ჩვენს ხელთ არსებული სრული ინფორმაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვართ აქტიურ კომუნიკაციაზე ყველა მხარესთან, მაგრამ გემმფლობელის თხოვნით, დეტალებისა და რამე სახის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის გაცემისგან თავი უნდა შევიკავოთ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მეზღვაურების ოჯახის წევრები მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ. ამასთან, როგორც ერთ-ერთი გატაცებულის ახლობელმა განაცხადა, მათი ინფორმაციით, მეზღვაურები ჯანმრთელად არიან.

მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს. თავდასხმა თბილისის დროით, დახლოებით 05:00 საათზე მოხდა. სულ გატაცებულია 10 მეზღვაური.

დატოვე კომენტარი