მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება
მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება

30 აპრილს მეკობრეების მიერ გატაცებული ცხრა ქართველი მეზღვაური რამდენიმე დღეში სპეციალური რეისით ნიგერიიდან საქართველოში დაბრუნდება.

„ჩვენს მეზღვაურებს ვულოცავთ გათავისუფლებას და მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში იჩენენ სამაგალითო სიმშვიდეს, რითიც მნიშვნელოვნად გვიწყობენ ხელს მუშაობაში,”, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, სახელმწიფომ გემთმფლობელთან ერთად ყველა ბერკეტი გამოიყენა და მეზღვაურები 20 დღიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლები არიან.

თამარ იოსელიანის განცხადებით, უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მათი უსაფრთხოდ დაბრუნება სამშობლოში. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ნებართვების მისაღებად და ნიგერიიდან მათი ტრანსპორტირების ორგანიზების მიმართულებით.

პროცესში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ჩვენ უშუალო კონტაქტზე ვართ ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან. ყველა შესაბამისი ღონისძიება ტარდება, რომ პროცესი რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს და ყველა ფორმალური პროცედურა უმოკლეს დროში იქნეს გავლილი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მეზღვაურების ტყვეობიდან უსაფრთხოდ დახსნაში დიდი წვლილი მიუძღვის გემთმფლობელი კომპანიას და მადლობას ვუხდით მათ გაწეული ძალისხმევისთვის,“ – განაცხადა სააგენტოს დირექტორმა.

უკვე საქართველოშია მეკობრეების ტყვეობას გადარჩენილი ოთხი მეზღვაური, რომელთა ქალაქ ლომედან წამოყვანისთვის საჭირო ნებართვების მისაღებად სახელმწიფო სტრუქტურებმა უპრეცენდენტო მოლაპარაკები აწარმოეს ტოგოს ხელისუფლებასთან.