აფრიკაში გატაცებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის
აფრიკაში გატაცებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ აფრიკაში გატაცებულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით გემის მფლობელ კომპანიასთან მუდმივ კავშირზე იმყოფებიან. სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის თქმით, სააგენტო მუდმივ კავშირზეა ასევე გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებთანაც.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, გამოვიდნენ თუ არა კავშირზე მეკობრეები, რომელთაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით გემის მფლობელთან, ოპერატიულად ვაწვდით ყველა ინფორმაციას გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს. დეტალებს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ გავახმაურებთ და ამას ითხოვს გემის მფლობელი კომპანიაც. ჩვენ ასევე კომუნიკაცია გვაქვს სამ ქართველ მეზღვაურთანაც, რომლებიც გემზე დარჩნენ“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მეკობრეებმა ოთხი ქართველი მეზღვაური 21 თებერვალს გაიტაცეს. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს. თავდასხმა თბილისის დროით, დახლოებით 05:00 საათზე მოხდა. სულ გატაცებულია 10 მეზღვაური.