ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე ის მოწმეები დაიკითხებიან, რომლებიც მკვლელობის ფაქტს უშუალოდ შეესწრნენ.
„ათეულობით მოწმე არის ჯერჯერობით დასაკითხი. ხვალაც ბრალდების მხარე წარმოადგენს დასაკითხ მოწმეებს და მოწმეები დაიკითხებიან პროცესზე. ბრალდება მოიყვანს სასამართლო პროცესზე მოწმეებს, რომლებიც უშუალოდ იყვენენ შემთხვევის ადგილზე და თავიანთი თვალებით დაინახეს, თუ როგორ განხორციელდა ვიტალი საფაროვის მკვლელობა“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
ადვოკატის თქმით, წინა სასამართლო სხდომაზე ვიტალი საფაროვის უფლებამონაცვლე, დედა და ოთხი მოწმე დაიკითხა, თუმცა საქმეში კიდევ ათეულობით მოწმეა დასაკითხი.
„ეს მოწმეები არიან იმის მომსწრეები, ბრალდებულები დაკავებამდე და ვიტალი საფაროვის მკვლელობამდე სავარაუდოდ როგორ დადიოდნენ ბარებში, როგორ ესხმოდნენ თავს უცხოელებს, როგორ ავიწროებდნენ, როგორ მოუწოდებდნენ ყველას, რომ საქართველოში მხოლოდ ქართულად უნდა ესაუბრათ, არ უნდა ჩამოსულიყვნენ უცხოელები და ამ ყველაფერს ახორციელებდნენ აგრესიისა და ძალადობის ფონზე“, – განაცხადა ადვოკატმა.
უფლებადამცველის თქმით, სასამართლოს ბრალდებულების წინასაპატიმრო ვადის გასვლამდე საქმის დასასრულებლად ძალიან ცოტა დრო რჩება.
„ბრალდების მხარეს რჩება ძალიან ცოტა დრო, რომ მოხდეს საქმის დასრულება სასამართლოში, მოახდინოს თავისი მტკიცებულებების გამოკვლევა და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოც ძალიან ეფექტურად იმუშავებს ამ საქმეზე და წინასაპატიმრო ვადის გასვლამდე მოესწრება ამ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანა“, – აცხადებს ეკა ქობესაშვილი.
25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.
თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.