თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართა.

პროცესზე დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

ადვოკატ ზურაბ ბეგიაშვილის განმარტებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალის დამტკიცება შეუძლებელია.

„დღევანდელი პროცესით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ცრუობს წარმოდგენილი მოწმე, ისევე როგორც მოწმეთა უმრავლესობა ცრუობდა. არსებული მტკიცებულებებით ბრალის დადასტურება შეუძლებელია, ვინაიდან ეს მტკიცებულებები არის არადამაჯერებელი, რამდენიმე გზის შეცვლილი და შეცვლილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან არეულ სურათს“,- აცხადებს ადვოკატი.

პროკურორი მიხეილ ჩხეიძე ადვოკატის განცხადებას, ცრუ მოწმეების შესახებ, უარყოფს.

„დღეს დაიკითხა ერთი თვითმხილველი მოწმე, რომელიც უშუალოდ ამ ფაქტს შეესწრო. ეს გახლდათ ოთარ გელაშვილი, რომელმაც სხვა მომწეების მსგავსად ამხილა ბრალდებულები ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობაში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ თითქოს ამ მოწმემ რაღაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, ან კიდევ შეცვალა ჩვენება, ეს არ შეეფერება სიმართლეს, ვინაიდან მოწმე პირველ დღეს როდესაც დაიკითხა, განაცხადა, რომ იყო ვიტალი საფაროვის მეგობარი. პირველი დაკითხვის დროს ხდება ასეთი რაღაც, რომ დაკითხვის მომენტში ყველა დეტალი შეიძლება არ ამოიწუროს.

გამოძიებასაც შეიძლება არ ჰქონია გარკვეული კითხვის დასმის უფლება, ვინაიდან იმ დღეს მორჩა ეს ყველაფერი. შემდგომ დაკითხვებში მას დეტალურად, რაც დღეს მოახსენა სასამართლოს, ანალოგიური აქვს გამოძიებაშიც ნათქვამი“,- განაცხა პროკურორმა.

შემდეგი სასამართლო პროცესი 17 ივნისის ჩაინიშნა.

შეგახსნებთ, 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. მათ სიძულვილის მოტივით ჯგუფურად განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, რაც 13-დან 17-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი