ვიქტორია აზარენკა ნახევარფინალში დაბრუნდა
ვიქტორია აზარენკა ნახევარფინალში დაბრუნდა

მაიამის ქალთა ტურნირზე პირველი ორი ნახევარფინალისტი გამოვლინდა.

პირველი ნახევარფინალური წყვილი ამერიკელმა სლოან სტივენსმა და ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ შეადგინეს.

სტივენსმა, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონია, 6:1, 6:2 გერმანელი ანჟელიკ კერბერი  გაანადგურა. შეხვედრა მხოლოდ ერთი საათი და 3 წუთი გაგრძელდა. ამერიკელმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და საკუთარი გეიმი ერთხელაც არ დათმო. ამ მოგების შემდეგ, სტივენსი კარიერაში პირველად შევა WTA-ის ტოპ-ათეულში, რომელსაც, თავის მხრივ, კერბერი დატოვებს.

სტივენსის მეტოქე ნახევარფინალში მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა იქნება. მან მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს, ჩეხ კაროლინა პლიშკოვას ასევე ორ სეტში მოუგო – 7:5, 6:3. შეხვედრა საათი და 37 წუთი გაგრძელდა. ჩოგბურთელები არადამაჯერებლად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე და ჯამში 11 ბრეიკი დაფიქსირდა: აზარენკამ 11-დან 7 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, პლიშკოვამ – 7-დან 4.

აზარენკა ჩოგბურთში დაბრუნების შემდეგ, პირველად გავიდა WTA-ის ტურნირის ნახევარფინალში.

დარჩენილ ორ მეოთხედფინალში ხვდებიან:
ოსტაპენკო (ლატ, 6)-სვიტოლინა (უკრ, 4)
ვ. უილიამსი (აშშ, 8)-კოლინზი (აშშ)