ვიქტორ ყიფიანი - მაღალი რანგის თანამდებობის პირები როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესის ბედი გადაწყდება ბრძოლის ველზე, ეს ბევრის მანიშნებელია, პოლიტიკურ ძალისხმევაზე მეტი ორიენტირია სამხედრო მანქანასა და სამხედრო ძალისხმევაზე
ვიქტორ ყიფიანი - მაღალი რანგის თანამდებობის პირები როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური პროცესის ბედი გადაწყდება ბრძოლის ველზე, ეს ბევრის მანიშნებელია, პოლიტიკურ ძალისხმევაზე მეტი ორიენტირია სამხედრო მანქანასა და სამხედრო ძალისხმევაზე

სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკურ ძალისხმევაზე მეტი ორიენტირი არის სამხედრო მანქანასა და სამხედრო ძალისხმევაზე, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა უკრაინის ომთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებისას, საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„მაღალი რანგის პოლიტიკური თანამდებობის პირები როცა ამბობენ (საუბარი არ არის მხოლოდ კიევსა და მოსკოვზე), რომ თუნდაც პოლიტიკური პროცესის ბედი გადაწყდება ბრძოლის ველზე, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრის მანიშნებელია, ძალიან სევდიანი ფაქტია, მაგრამ რეალობა არის ის, რომ დღეს პოლიტიკურ ძალისხმევაზე მეტი ორიენტირია სამხედრო მანქანასა და ძალისხმევაზე“, – განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, უკრაინელები საკუთარ სამშობლოს იცავენ და მათ სხვა არჩევანი არ რჩებათ, მაგრამ რეალურად, ამ ომს აქვს სხვა ჩაშლა, სხვა წახნაგები და სხვა იმპლიკაციები.

„ეს იმპლიკაციები არის ევროპაში ახალი შესაძლო გამყოფი ხაზების გავლება. ამ გამყოფი ხაზების გავლებისას ევრაზიული კონტინენტის, ან ევროპული კონტინენტის რა ხვედრითი წილი დარჩება ახალი რკინის ფარდის იქით, თუ აქეთ, ერთ მხარეს, თუ მეორე მხარეს, ეს, რა თქმა უნდა, ერთი შეკითხვაა. გაცილებით რთული შეკითხვაა, რა გავლენა შეიძლება, იქონიოს ამ ომმა ისეთ ავტორიტარულ რეჟიმზე, როგორიც რუსეთის ფედერაციაშია. აქ არის ორი გამოსავალი – ერთი არის ის მოლოდინი, რომ ამ ომმა შეიძლება, იქონიოს პირდაპირი გავლენა და რეჟიმი დასუსტდეს, ან ჩამოიშალოს, მაგრამ შეიძლება, აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი იქონიოს, რადგან ძალიან ხშირად, როცა ამა თუ იმ ავტორიტარულ რეჟიმზე წნეხი იზრდება, მას აქვს თანდაყოლილი ბუნება, რომ არათუ თვითონ საკუთრივ განმტკიცდეს, არამედ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის კონსოლიდირება მოახდინოს საკუთარი თავის ირგვლივ, განსაკუთრებით მაშინ, როცა წვდომა, არა მხოლოდ თავისუფალ ინფორმაციაზე, არამედ ინფორმაციულ არჩევანზე მკვეთრად შეზღუდულია, საკუთარ აუდიტორიას მიეწოდება გარკვეული ნარატივი და იქმნება გარკვეული ილუზია. ჩვენ ვიცით, ეს როგორი ნარატივია, რომ რუსეთი გარშემორტყმულია დასავლური სარტყელით და ა.შ.“, – განაცხადა ყიფიანმა.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი რუსეთის „განორმალურება“, როგორ წარიმართება ეს პროცესი და რამდენად შეძლებს დასავლეთი, რომ პროცესი კონტროლიდან არ გავიდეს.

„ჩვენ გვახსოვს, ჩვენდა გასაოცრად, როგორ საკმაოდ მშვიდობიანად დაიშალა საბჭოთა კავშირი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს რუსეთის ფედერაციის წიაღში რეჟიმის ცვლილება, რუსეთის გადემოკრატიულება, ან, მოდით, სიტყვა დემოკრატია ჩამოვაშოროთ და ვთქვათ განორმალურება, როდესაც რუსეთი შეეგუება იმას, რომ მან თავის სამეზობლოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრება უნდა ააწყოს და დანარჩენ სამყაროსთან საერთაშორისო ნორმებით, კეთილსინდისიერების წესებით უნდა იურთიერთოს? რამდენად შესაძლებელია ასეთი ტრანსფორმაცია, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ ქვეყანაზე, რომელიც არის ბირთვული იარაღის მატარებელი და რომელსაც დემოკრატიული ინსტიტუტების რუდიმენტარული გამოცდილებაც კი არ აქვს? როგორ წარიმართება ეს პროცესი და რამდენად შეძლებს დასავლეთი, რომ აქ პროცესი კონტროლიდან არ გავიდეს. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა იქნება, ხოლო თუ ვინმეს განზრახული აქვს, რომ თემა ამ ნიშნულამდე მიიყვანოს, ჩვენ შეიძლება, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი წამოვჭრათ და ამ კითხვებზე პასუხიც ვერ ვიპოვოთ“, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.