ვიქტორ ჯაფარიძე - მირზა სუბელიანი დიდი სტრესის ქვეშაა, ამიტომ მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე
ვიქტორ ჯაფარიძე - მირზა სუბელიანი დიდი სტრესის ქვეშაა, ამიტომ მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მის მიერ მონათხრობი სერიოზულად არ მიუღია.

პირველ არხთან საუბარში ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან შეხვედრა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას საპატიმროში რამდენჯერმე შეხვდა.

„მირზა სუბელიანთან მისი მოთხოვნით ვიყავი, მაგრამ მისი ნალაპარაკები სერიოზულად არ ჩამითვლია. როგორ შეიძლება, ამის სერიოზულად ჩათვლა? სამარტოო საკანში ზის და კარგად ვერ არის, ეს ადამიანი დიდი სტრესის ქვეშაა. ამიტომ, მისი ნასაუბრები სერიოზულად ვერ მივიღე. მსგავსი საუბარი იყო, მაგრამ რა მიჭრეს და მოჭრეს, არ ვიცი.

უბედურებაა, რომ პატიმრის სანახავად შევედი და ეს ვიღაცამ ჩაიწერა. შეხვედრას მისი მეგობარი ესწრებოდა, გვარი არ მახსოვს. მისი და ოჯახის მოთხოვნით შევხვდი. რეებს ლაპარაკობს, მისი საუბარი სერიოზულად არ მივიჩნიე. აბა, ამ ქვეყანაში ყველაფერი მირზა ყოფილა. ვუთხარი, სამარტოო საკანში რატომ არის და ვურჩიე, ვინმესთან ერთად დაჯექი, არ გაგიჟდე-თქო. გონს მოდი-თქო, ისიც ვუთხარი.

განიცდის, რომ ორი ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისი ოჯახი ასეა. სამარტოო საკანშია და რა გასაკვირია, რომ ასეა, ამხელა უბედურება დაემართა? ამ თემაზე გახარიასთან საუბარი არ მქონია, რამდენჯერმე შევხვდი სუბელიანს”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

„რუსთავი 2“-მა გუშინ აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვის, ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.