ვიქტორ ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას მეტად თუ არ სცემს პატივს, მისი ნებაა, სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ჩემთვის მისი ავტორიტეტი ნულთან გასწორდება
ვიქტორ ჯაფარიძე - სალომე ზურაბიშვილი თავის სიტყვას მეტად თუ არ სცემს პატივს, მისი ნებაა, სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ჩემთვის მისი ავტორიტეტი ნულთან გასწორდება

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ზურაბიშვილის ავტორიტეტი მისთვის ბოლომდე ნულთან გასწორდება.

ვიქტორ ჯაფარიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც, „არა და არასოდეს“ – სალომე ზურაბიშვილი ამ პოზიციას ცვლის და ამბობს, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია“.

„ეს ბევრჯერ თქვა და გაიმეორა, მაგრამ მისი პრობლემაა. თავის სიტყვას ამაზე მეტად თუ არ სცემს პატივს, ნება მისია. სააკაშვილს თუ შეიწყალებს, ჩემთვის მისი ავტორიტეტი ბოლომდე ნულთან გასწორდება. მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა. ადამიანს წამებაში ედებოდა ბრალი და თქვენ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს შეიწყალებს და ქართველ ხალხში რეიტინგს აიმაღლებს? თუ შეიწყალებს, ომის პარტიის დაკვეთას შეასრულებს. სალომე ზურაბიშვილი რომ თავისი ჭკუით აღარ დადის, ხომ უყურებთ. ომის პარტიის ჭკუით დადის, ვისაც უნდა ამ ქვეყანაში არეულობის მოწყობა, იმათ ჭკუაზე დადის. თეორიულად ყველაფერი მოსალოდნელია, მაგრამ სააკაშვილს იმდენი ბრალი აქვს წარგენილი, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილის ერთმა შეწყალებამ რაიმე უშველოს. მაგას შეწყალება ვერ უშველის. ან გინდაც, სააკაშვილი გარეთ იყოს, რომელი ავტორიტეტი სააკაშვილია? სააკაშვილის ავტორიტეტიც განულებულია. გამობრძანდეს მაშინ სააკაშვილი თუ ასე გნებავთ და ტელევიზიები, რომლებიც ამდენი ხანი მისახლეობას აცხოვრებდით სიცრუეში, თითქოს კვდებოდა, სააკაშვილი არ მოკვდა? ხომ ამბობდით, დღეს მოკვდება, ხვალ მოკვდება. მაშინ რომ მომვარდებოდით და მახრჩობდით, გეკითხებით, ახლა რატომ არ ამბობთ, სააკაშვილს რა სჭირს, თურმე ვერ კვდებოდა ხომ? სააკაშვილმა რა გააკეთა? ასოცირების ხელშეკრულებას, უვიზო მიმოსვლას მოაწერა ხელი, თუ რას? რა გააკეთა? ევროპულ გზაზე იცით, რა გააკეთა? ეს ქვეყანა სისხლში აბანავა. ევროპულ გზაზე გააკეთა ის, რომ ომი დაიწყო და ქვეყნა უბედურებაში გახვია. როგორ თქვა? 157 ქვების გროვა იყოო, სამაჩაბლოს ქვების გროვას უწოდებდა და რა ავტორიტეტზე საუბრობთ“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ამასთან, ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პარტიაც რომ შექმნას, მისი პარტია ბარიერს ვერ გადალახავს.

„ზურაბიშვილი გინდა თანამდებობაზე ყოფილა, გინდა, თანამდებობის გარეთ, რა მნიშვნელობა აქვს? შეწყალებით სალომე ზურაბიშვილს რა ავტორიტეტი მოემატება. კარგი, თქვას, რომ პარტიას ვაკეთებ და მე ვარ ერთ-ერთი ლიდერი ახალი დაჯგუფების. დარწმუნებული ვარ, სალომე ზურაბიშვილის პარტია ბარიერს ვერ გადალახავს. ავტორიტეტი ხომ გინდა. რითი უნდა მოიყვანოს ავტორიტეტი, სააკაშვილს რომ შეიწყალებს?“, – აღნიშნა ვიქტორ ჯაფარიძემ.

ვიქტორ ჯაფარიძე შეკითხვის პასუხად ამბობს, რომ ხალხი გაბრაზდება, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„გგონიათ, რომ ავტორიტეტი გახდება სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც კონსტიტუცია დაარღვია და იმპიჩმენტი მოუწყო ხელისუფლებამ, კონსტიტუციის დამრღვევად აღიარა? ის ავტორიტეტი ვერ გახდება. თავისი არჩევნების დროს მისი სურათი ჩამოხსნეს და „ქართული ოცნების“ ლიდერების სურათები გავაკარით. ვეღაცისთვის შეიძლება, გახდეს ავტორიტეტი და იყოს. იმათთან შეიძლება, ახლაც ავტორიტეტია“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ განმიცხადებია. შეწყალებასთან დაკავშირებით მე კომენტარებს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“.