ვიოლა ფონ კრამონი - სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა პარტიამ არ გამოიყენა შესაძლებლობა და მოლაპარაკებების შედეგს ხმა არ მისცა
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ის ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.
„კერძოდ, კომპრომისის მოძიების კუთხით სრულად პოლარიზებულ პოლიტიკურ კლასს შორის. პარლამენტის თანამშრომლებისგან მომისმენია, რომ ისინი ყოველთვის მზად იყვნენ ჩვენთან თანამშრომლობისთვის. საქართველო ყოველთვის საუკეთესოდ მომზადებული იყო რეგიონში სხვა ქვეყნების პარლამენტებთან შედარებით“, – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა დღევანდელი ვიდეოკონფერენციის დროს.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა პარტიამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმა არ მისცა.
ევროპარლამენტარი მას გაშვებულ შესაძლებლობად აფასებს.
„პარლამენტის ბოლო გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა, მივულოცო საქართველოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ყველა პარტიამ ხმა არ მისცა, ეს გაშვებული შესაძლებლობაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვესაუბრეთ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს და მათაც მივეცით რეკომენდაცია, რომ დემოკრატიის დონის განსაზღვრა იმით შეგიძლია, თუ რა პოტენციალს აძლევ შენ ოპოზიციას. ეს კარგი კომპრომისი იყო და სამწუხაროა, რომ ოპოზიციამ არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, მოლაპარაკებების შედეგს ხმა არ მისცა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.