ალეკო ელისაშვილი - ცოტა მოულოდნელია, კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაზე კომენტარისთვის ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რომ სცალია, გაუგებარია ასევე, ორი წელი რა აქვს რუსთაველის გამზირს სარეაბილიტაციო
ალეკო ელისაშვილი - ცოტა მოულოდნელია, კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაზე კომენტარისთვის ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რომ სცალია, გაუგებარია ასევე, ორი წელი რა აქვს რუსთაველის გამზირს სარეაბილიტაციო

ცოტა მოულოდნელია, ერთი კონკრეტული ქუჩის რეაბილიტაციაზე კომენტარისთვის ერთ-ერთ ევროპარლამენტარს რომ სცალია. ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარი ამბავია, ისევე როგორც გაუგებარია, რატომ სჭირდება ამხელა რეაბილიტაცია რუსთაველის გამზირს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე, სადაც ის რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საარჩევნო წელს ცენტრალური გამზირის გადაკეტვა პრობლემის მოგვარების ტიპური საბჭოთა სტილია.

„მე რასაც ხელს მოვკიდებდი, არის ქვაფენილები. წვიმაში რომ დადიხარ, გამორიცხულია, მუხლამდე არ დაისვარო შარვალი, განსაკუთრებით ლუწ მხარეს. ჩემთვის გაუგებარია, რუსთაველის გამზირს რა სჭირს 90-მილიონიანი სარეაბილიტაციო? ხალხის მძვინვარება თუ იქნა, გინდა რეაბილიტაცია იყოს, გინდ ხარაჩო იდგას, გინდ კოშკები შემოაშენონ პარლამენტის შენობას, არც არაფერი უშველის. კითხვებია იმასთან დაკავშირებით, რა საჭიროა, კალაძე თბილისში სხვა პრობლემას ვერ ხედავს? გარშემო სახლები ინგრევა, ის არ იცის და მაინცდამაინც რუსთაველს რატომ მიადგა? თან ორი წელი რა აქვს რუსთაველს სარეაბილიტაციო, ვერ ვხვდები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.