ვიოლა ფონ კრამონი - იმედი მაქვს, სააკაშვილი ძირითადად დაეთანხმება იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს საქართველოში და არ ჩაერევა მათ გადაწყვეტილებებში
იმედი მაქვს, სააკაშვილი ძირითადად დაეთანხმება იმას, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს საქართველოში და არ ჩაერევა მათ გადაწყვეტილებებში, რადგან ეს სარგებელს არ მოიტანს. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ასეთ ჩარევებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, მიხელ სააკაშვილთან შეხვედრისას ძირითადად უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ჩვენ არ გვისაუბრია საქართველოზე, ძირითადად ვლაპარაკობდით უკრაინაზე, მარიუპოლზე. სააკაშვილს აინტერესებდა, რა ხდება ევროპარლამენტში უკრაინასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენი საუბრის 99 პროცენტი ეხებოდა მარიუპოლს, სიტუაციას ფრონტის ხაზზე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და ზოგადად უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს. მან ერთადერთიო კითხვა დასვა საქართველოსთან დაკავშირებით და მკითხა, თუ გააგზავნის ევროპარლამენტი სადამკვირვებლო მისიას საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე. ჩვენ ცხადია, გვსურს ჩამოსვლა მუნიციპალურ არჩევნებზე. თუმცა, ჩვენ არ გვისაუბრია „ნაციონალურ მოძრაობაზე“, მე არ ვიცოდი, რომ პარტია ხელს არ აწერდა შეთანხმებას, სხვა შემთხვევაში, აღნიშნულს ვახსენებდი მასთან საუბრისას.
იმედი მაქვს, სააკაშვილი ძირითადად დაეთანხმება იმას, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს საქართველოში და არ ჩაერევა მათ გადაწყვეტილებებში, რადგან ეს სარგებელს არ მოიტანს. ყოველთვის ვაკრიტიკებდი ასეთ ჩარევებს. არ ვფიქრობ, რომ გარე აქტორები უნდა ჩაერიონ პარტიულ ინტერესებში. ვფიქრობ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს აქვს საკმარისი მხარდაჭერა პარტიის წევრებისგან. უბრალოდ მინდა, ვთხოვო ყველას, დაიცვან წესები, იმოქმედონ სამართლიანად, პასუხისმგებლიანად მოიქცნენ და რაც შეიძლება მალე მოაწერონ ხელი შეთანხმებას. იმედი მაქვს, მიხეილ სააკაშვილი თავის გავლენას პარტიაზე ამ მიზნით გამოიყენებს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.