ვიოლა ფონ კრამონი - ჩვენ საქართველოში არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, პირიქით, გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე
ჩვენ, როგორც ევროპარლამენტის წევრები, ვართ თქვენი ქვეყნის, საქართველოს დიდი მეგობრები, მხარდამჭერები მოქალაქეების და მათი მისწრაფების, დაუახლოვდნენ ევროკავშირს. სრულად ვიზიარებთ ამას, თუმცა მანამდე არის გარკვეული კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მკაფიოდაა წარმოდგენილი მაგიდაზე. ჩვენ ყველამ ჩავდეთ ინვესტიცია თქვენს ქვეყანაში, პერსონალური, პოლიტიკური, ასევე ფინანსური და გვსურს, ვიხილოთ ამ ინვესტიციის დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
მისივე თქმით, სურთ, იხილონ, რომ საკითხები, რომლებიც შეთანხმდა 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტში, მაგიდაზე რჩება და ეს არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის მომავალი ურთიერთობის საფუძველი.
„ევროკავშირის სახელით თავმჯდომარემ და მომხსენებელმა აღნიშნა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები. ვფიქრობ, ჩვენ, ევროპარლამენტი ვართ ყველაზე მხარდამჭერი ინსტიტუცია. ჩვენ აქ არ ვართ ვინმეს ომში ჩასათრევად, არამედ პირიქით. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ თქვენი ქვეყანა ევროკავშირისკენ სწორ გზაზე“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ამასთან, ვიოლა ფონ კრამონს დაუსვეს კითხვა, რამდენად სწორია, რომ ოპოზიცია არ უერთდება რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესს, რაზეც ევროპარლამენტარმა უპასუხა: „გვინდა, მოვუწოდოთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელ მხარესაც უნდა იდგნენ ისინი, ვფიქრობ, ეს უნდა გესმოდეთ. თუ თქვენ იტყვით არას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ინკლუზიური და სწორედ ამიტომ გვინდა, ვიხილოთ, რომ ისინი სულ მცირე ცდილობენ და არიან კონსტრუქციულები“.