ვინ იყვნენ ვიკინგები — დნმ-ის ანალიზები მათ საკმაოდ რთულ წარმომავლობაზე მიუთითებს #1tvმეცნიერება
რა არის ვიკინგი? ეს სიტყვა აღძრავს უცდომელ წარმოსახვით სურათს — სტერეოტიპს მამაცი სკანდინავიელი დამპყრობლების შესახებ, თეთრი კანითა და მკრთალი თმით, რომლებიც 1000 წლის წინ დაუღალავად აწყობდნენ თავდასხმებს და დიდ მანძლებზე მოგზაურობდნენ.
მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩანს, არის რაღაც შეცდომა — ახალი კვლევის მიხედვით, ამ დიდი ხნის ლეგენდის საკვანძო დეტალები არასწორია. ევროპის მასშტაბით აღმოჩენილი 400-ზე მეტი ვიკინგის ჩონჩხის მასშტაბური გენეტიკური ანალიზების თანახმად, მრავალი ვიკინგი სკანდინავიური წარმოშობის არ იყო და ბევრს არა ქერა, არამედ მუქი თმა ჰქონდა.
„შედეგები ცვლის წარმოდგენას იმის შესახებ, ვინ იყო ვიკინგი სინამდვილეში. ისტორიის სახელმძღვანელოებს განახლება სჭირდება“, — ამბობს კემბრიჯისა და კოპენჰაგენის უნივერსიტეტების ევოლუციური ბიოლოგი ესკე ვილერსლევი.
მართლაც, ვილერსლევი პერიოდულად დიდ პრობლემებს უქმნის ისტორიის სახელმძღვანელოთა გამომცემლებს. მისმა მოწინავე კვლევებმა სრულიად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა მოსახლეობის ისტორიული გენეტიკური შემადგენლობის შესახებ მთელ მსოფლიოში, ავსტრალიიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან დაწყებული, ჩრდილოეთ ამერიკითა და ოკეანეთით დამთავრებული.
ახალ კვლევაში, ვიკინგების ამ დრომდე უდიდეს გენეტიკურ ანალიზებში, ვილერსლევი ხელმძღვანელობდა ათობით მეცნიერისგან დაკომპლექტებულ ჯგუფს. შეისწავლეს 442 ვიკინგის ჩონჩხი, რომლებიც აღმოჩენილია სკანდინავიის, ბრიტანეთის, ირლანდიის, ისლანდიის, გრენლანდიის, რუსეთისა და სხვა არქეოლოგიურ ძეგლებზე; მათი უმეტესობა ვიკინგების ხანას (ახ. წ. 793-1066) ეკუთვნის.
კაცების, ქალების, ბავშვებისა და ჩვილების ძვლების დნმ-ის სეკვენირება მიუთითებს, რომ ვიკინგების ხანამდე და უშუალოდ მათ ხანაში, სკანდინავიურ გენეალოგიაში შევიდა გენეტიკური გავლენა აზიიდან, სამხრეთ ევროპიდან და ბრიტანეთის კუნძულებიდან.
„ამ დრომდე არ ვიცოდით, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი სინამდვილეში გენეტიკურად. ჩვენ მიერ ჩატარებული ანალიზები ფანტავს მითებს ქერა ვიკინგების შესახებ, რადგან მრავალ მათგანს ჰქონდა ყავისფერი თმა და განიცდიდნენ გენეტიკურ შემოდინებას სკანდინავიის გარედან“, — ამბობს ვილერსლევი.
როგორც შედეგები მიუთითებს, უშუალოდ სკანდინავიაში, სამხრეთ რეგიონები უფრო მრავალფეროვანი ცხელი წერტილები იყო, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი გეოგრაფიულად უფრო ახლოს იყვნენ სამხრეთ ევროპასთან და აზიასთან. ამისგან განსხვავებით, გენების დინება უფრო შეზღუდული იყო შიდა სკანდინავიაში, რადგან ვიკინგების გარკვეული პოპულაციები იმაზე უფრო იზოლირებული იყვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა.
ვიკინგების ხანაში, მათ მოგზაურობებს დაპყრობებთან და ვაჭრობასთან ერთად თან ახლდა გენეტიკური მარცვლებიც, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი; გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ექვს პროცენტს ვიკინგების დნმ აქვს, შვედეთში კი ათ პროცენტს.
„დანიელი ვიკინგები ინგლისში მიდიოდნენ, შვედ ვიკინგები ბალტიის რეგიონში, ნორვეგიელები ირლანდიაში, ისლანდიასა და გრენლანდიაში“, — ამბობს კვლევის პირველი ავტორი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარი აშოტ მარგარიანი.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ამ სამი „ქვეყნის“ ვიკინგები იშვიათად ერეოდნენ გენეტიკურად. შესაძლოა, ისინი მტრები იყვნენ ან უნდა არსებობდეს რაიმე სხვა ჭეშმარიტი ახსნა, რაც ჯერ არ ვიცით.
თუმცა, შედეგები ასევე გვეუბნება, რომ ვიკინგების ხანაში ვიკინგად ყოფნა უფრო მეტად კონცეპტი და კულტურა იყო, ვიდრე გენეტიკური მემკვიდრეობა, რადგან ჯგუფმა დაადგინა, რომ შოტლანდიის ჩრდილოეთ კუნძულებზე დამარხულ ვიკინგებს შრის ორი ჩონჩხი შედარებით სუფთა შოტლანდიური და ირლანდიური მემკვიდრეობის ადამიანებს ეკუთვნის, სკანდინავიური გავლენის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ამაზე მიუთითებს გენეტიკური ანალიზები.
„სკანდინავიურმა დიასპორებმა ვაჭრობა გააჩაღეს და დასახლებები შექმნეს ამერიკის კონტინენტიდან აზიის სტეპებამდე. მათ გაჰქონდათ იდეები, ტექნოლოგიები, ენა, რწმენები და ჩვეულებები, ავითარებდნენ ახალ სოციო-პოლიტიკურ სტრუქტურებს“, — ამბობს დანიის მოსგარდის მუზეუმის არქეოლოგი სორენ სინდბიკი.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.