ვინ ცხოვრობდა მაჩუ-პიქჩუში — დნმ-ის ანალიზები ინკების დაკარგული ქალაქის შესახებ საოცარ ცნობებს გვაწვდის #1tvმეცნიერება
ვინ ცხოვრობდა მაჩუ-პიქჩუში — დნმ-ის ანალიზები ინკების დაკარგული ქალაქის შესახებ საოცარ ცნობებს გვაწვდის #1tvმეცნიერება

 

პერუს სამხრეთ მთიანეთში, მთის წვერზე ამაყად დგას ინკების იმპერიის მე-15 საუკუნის საოცრება — მაჩუ-პიქჩუ. დღეს ეს ციტადელი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ლათინური ამერიკის კოლონიალიზაციამდელი ისტორიის სიმბოლოა, მაგრამ ერთ დროს ის იმპერატორთა სამეფო სასახლე იყო.

ამ უძველეს ნაქალაქარის მცხოვრებთა ნაშთებში, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა საოცარი გენეტიკური მრავალფეროვნება აღმოაჩინა.

ინკების იმპერია ერთ დროს ორ მილიონ კვადრატულ კილომეტრზე იყო გადაჭიმული სამხრეთ ამერიკაში, ანდების მთებში. ის 1438 წელს დააარსა პირველმა მმართველმა, პაჩაკუტი ინკა იუპანკიმ და დიდების ზენიტს 1533 წელს მიაღწია, ვიდრე იმპერიას ესპანელები დაიპყრობდნენ.

იმპერიის ცენტრში მდებარეობდა დედაქალაქი კუსკო, რომლის სიახლოვესაც აღმართული იყო პაჩაკუტის ჯადოსნური სასახლე — მაჩუ-პიქჩუ.

მაჩუ-პიქჩუს სამეფო ოჯახი და მათი სტუმრები მშრალ სეზონზე, მაისიდან ოქტომბრამდე სტუმრობდნენ, როგორც სანადიმო, საცეკვაო, სანადირო სასახლეს. მიუხედავად იმისა, რომ ინკების ამ ელიტას სიკვდილის შემდეგ კუსკოში კრძალავდნენ, სასახლეში მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობდა რამდენიმე ასეული მსახური, რომლებსაც სიკვდილის შემდეგ სასახლის კედლებს მიღმა არსებულ სასაფლაოებზე მარხავდნენ.

ესპანური კოლონიზაციის შემდეგ, დასავლური სამყაროსთვის მაჩუ-პიქჩუს შესახებ ცნობები დაიკარგა. ის მხოლოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს თავგადასავლების მაძიებლებმა.

1912 წელს, იელის უნივერსიტეტის პერუს სამეცნიერო ექსპედიციამ ძეგლზე დამარხული 174 ინდივიდი აღრიცხა. სამარხები ხშირად არაღრმა იყო, ანდაც უბრალოდ დიდი ლოდების ან კლდოვანი გამონაშვერების ქვეშ იმალებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საფლავებში ბევრი ნივთი არ აქვთ ჩატანებული, ზოგიერთ ნეშტთან აღმოაჩინეს კერამიკის არტეფაქტები. შედეგად კი იხატება კულტურული მრავალფეროვნების კაშკაშა სურათი, პერუს სანაპირო თუ ჩრდილოეთ რეგიონების სტილით, ასევე შეიმჩნევა ბოლივიის მთიანეთის, ტიტიკაკის ტბის მიდამოების სტილი.

ეს იმის პირველი მინიშნება იყო, რომ მაჩუ-პიქჩუ ხალხს ინკების მთელი იმპერიიდან იზიდავდა. მიუთითებს, რომ მაჩუ-პიქჩუში მცხოვრები მსახურები სხვადასხვა ადგილიდან იყვნენ მოსული და თავიანთ სამშობლოდან მოტანილი ჰქონდათ კერამიკაც.

თუმცა, არტეფაქტები ამ რეგიონში შეიძლება ვაჭრობის გზითაც მოხვედრილიყო. იმის გასარკვევად, თუ საიდან იყო ეს ხალხი მოსული, მკვლევრებმა მათი დნმ შეისწავლეს.

მათ 68 ადამიანის დნმ-ის თანმიმდევრობა გაშიფრეს (სეკვენირება); 34 მათგანი მაჩუ-პიქჩუში იყო დაკრძალული, 34 კი კუსკოში. ნეშტები ნახშირბადით დათარიღების გამოყენებით დაათარიღეს და დაადგინეს, რომ ზოგიერთი მათგანი პაჩაკუტისა და ინკების იმპერიის აღზევებამდეა დაკრძალული.

ამის შემდეგ, მათი დნმ შეადარეს როგორც დღეს ანდებში მცხოვრებ ადგილობრივთა დნმ-ს, ისე სამხრეთ ამერიკის უფრო შორეულ რეგიონებში მცხოვრებთა წინაპრებისას.

აღსანიშნავია, რომ „წინაპრები“ მხოლოდ დნმ-ს ეფუძნება და სულაც არ ემთხვევა ხალხის კულტურულ იდენტობას, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება.

იყო თუ არა მაჩუ-პიქჩუსთან დამარხული ხალხი გენეტიკურად იმათ მსგავსი, რომლებიც ამ რეგიონში პაჩაკუტის გამეფებამდე ცხოვრობდნენ? თუ წინაპრებს ენათესავებოდნენ უფრო შორეული რეგიონებიდან?

თუ სიმართლე სწორედ ეს უკანასკნელი იქნებოდა, მკვლევრები აშკარად დარწმუნდებოდნენ, რომ ისინი ან მათი მშობლები მაჩუ-პიქჩუში შორეული მიწებიდან იყვნენ მოსული.

მას შემდეგ, რაც დნმ-ის ყველა ნიმუში შეისწავლეს, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ 17 ინდივიდი წარმოშობით ერთ-ერთი ყველაზე შორეული რეგიონებიდან იყო გატესტილთა შორის. მათ შორის იყო პერუს სანაპირო და მთიანეთის თითქმის ყველა რეგიონი, ამაზონის რეგიონის პერუს, ეკვადორისა და კოლუმბიის ნაწილები.

მხოლოდ შვიდ ნეშტს ჰქონდა ისეთი წარმომავლობა, რომელიც შეიძლება დაკავშირდეს პერუს ვრცელ სამხრეთ მთიანეთთან, სადაც მაჩუ-პიქჩუ და კუსკო მდებარეობს. თუმცა, მკვლევრები ვერ ადასტურებენ, რომ ისინი ადგილობრივები, თავად მაჩუ-პიქჩუელები იყვნენ.

დანარჩენ 13 ინდივიდს შერეული წარმომავლობა ჰქონდა. მათ შორის იყო ბრაზილიური და პარაგვაული. შესაძლოა, ისინი იმ სხვადასხვა მიწებიდან მოსულ პირთა შთამომავლები ყოფილიყვნენ, რომლებიც ერთმანეთს მაჩუ-პიქჩუში შეხვდნენ; ანდაც დაკავშირებული იყვნენ დღემდე უცნობ სამხრეთამერიკელ წინაპრებთან.

რაც შეეხება ახლო ნათესაურ კავშირს, მხოლოდ ერთი ასეთი წყვილი აღმოაჩინეს: დედა და ქალიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა პირი ერთად იყო დაკრძალული დიდ სასაფლაოებზე, მათი წარმომავლობის მიუხედავად. ეს იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ისინი სტატუსით თანაბარნი იყვნენ, რაც თავის მხრივ გვაფიქრებინებს, რომ ისინი ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაბადებულიყვნენ, მაჩუ-პიქჩუში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოვიდნენ, შემთხვევით დაამყარეს კავშირები და ბავშვებიც გააჩინეს.

სავარაუდოდ, ეს ხალხი მიეკუთვნებოდა ე. წ. არჩეული ქალის კლასს, რომელსაც აკლაკონას უწოდებდნენ; კაცებში ამავე კლასს იანაკონა ერქვა. ამ ჯგუფების წარმომადგენელ ინდივიდებს მათსავე სახლებში პატარაობისას ირჩევდნენ და მათი ბედი სამუდამოდ სახელმწიფო, არისტოკრატიულ ან რელიგიურ სამსახურში ყოფნა იყო.

მაჩუ-პიქჩუში მოსვლის შემდეგ, მთელი დარჩენილი სიცოცხლე მათ სამეფო მამულის მსახურებაში უნდა გაეტარებინათ.

მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, რა ძალდატანებითი პროცესი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული ამ ადამიანთა მაჩუ-პიქჩუში მოსვლაში, როგორც მათი ძვლების ანალიზი მიუთითებს, ისინი კომფორტულად ცხოვრობდნენ. მრავალმა მათგანმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა და არ აქვთ ცუდად კვების, დაავადების ან მძიმე შრომით მიღებულ დაზიანებათა ნიშნები.

აღსანიშნავია, რომ ადამიანთა ის ნეშტები, რომლებიც ინკების იმპერიამდელი აღმოჩნდა, დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სწორედ ინკების იმპერიის დაარსებამ უბიძგა ხალხს შორეული რეგიონებიდან მაჩუ-პიქჩუში მისვლისკენ.

ამას გარდა, ანალიზებმა აჩვენა, რომ კუსკოში აღმოჩენილი ნეშტები უფრო ნაკლებად მრავალფეროვანია, ვიდრე მაჩუ-პიქჩუში ნაპოვნი, მაგრამ მაინც უფრო მრავალფეროვანი, ვიდრე რეგიონის სხვა ძეგლების. სავარაუდოდ ამის მიზეზი ისაა, რომ ამ ვრცელ მაღალმთიან რეგიონს ჯერ კიდევ ინკების იმპერიამდე ჰქონდა სხვადასხვა ხალხებს შორის ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია.

მკვლევართა ანალიზები მაჩუ-პიქჩუს, როგორც ინკების იმპერიის მრავალფეროვნების ნამდვილი ცხელი წერტილის მომაჯადოებელ სურათს ხატავს.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.