ვიაჩესლავ ვოლოდინი - რუსეთის დუმა უახლოეს სესიაზე საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების მიმართ გენოციდის განხორციელების აღიარების საკითხს განიხილავს
ვიაჩესლავ ვოლოდინი - რუსეთის დუმა უახლოეს სესიაზე საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების მიმართ გენოციდის განხორციელების აღიარების საკითხს განიხილავს

რუსეთის დუმის სპიკერ ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო უახლოეს სესიაზე საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების მიმართ გენოციდის განხორციელების აღიარების საკითხს განიხილავს.

„სახელმწიფო დუმაში ყურადღებით მოეკიდნენ სამხრეთ ოსეთის პარლამენტის განაცხადს, 1920 წელს საქართველოს მხრიდან სამხრეთ ოსების გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით. სახელმწიფო დუმის საბჭოს უახლოეს სხდომაზე, რომლის შემადგენლობაშიც შედის დუმის ხელმძღვანელობა, ყველა პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელი და კომიტეტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილავთ ამ მომართვას“, – განაცხადა ვოლოდინმა.

დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო დუმას გენოციდის აღიარების შესახებ 31 ივლისს მიმართა.

„1920 წლის ივნისში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ჩასახშობად შეიარაღებული ძალები გაგზავნა და თვითგამორკვევის უფლებისა და საბჭოთა რუსეთთან მიერთების შესახებ განაცხადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ განადგურებულ იქნა სამხრეთ ოსეთის დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი.

საქართველოს არმიამ, გერმანიის საოკუპაციო ძალების მხარდაჭერით შეიარაღებულმა და აღჭურვილმა, რომელსაც შემდეგ დიდი ბრიტანეთის ძალები ჩაენაცვლა, ოსეთის მოქალაქეების მასობრივი ხოცვა განახორციელა, რომლის მსხვერპლი გახდა რამდენიმე ათასი ადამიანი. გადარჩენილები იძულებული გახდნენ თავშესაფარი რუსეთის ტერიტორიაზე მოეძებნათ. საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავდა და რეალიზდა სამხრეთ ოსეთის კოლონიზაციის პროგრამა.

ოსი მოსახლეობის დანაკარგი 1920 წელს სხვადასხვა შეფასებით 8-დან 25%-მდეა საერთო რაოდენობიდან. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ოსების მასობრივი ხოცვა და 1920 წელს ხალხის სიკვდილი საქართველოს ხელისუფლების გამიზნული მოქმედებების პირდაპირი შედეგია, მიმართული ოსი ხალხის ნაწილის მასობრივ ფიზიკურ განადგურებასა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდაზე.

1920 წლის მოვლენებმა ვერ მიიღო შესაბამისი შეფასება. ოსებთან მიმართებაში გენოციდის დანაშაულის ჩამდენი ორგანიზატორები და აღმსრულებლები პასუხისგებაში არ მიუციათ.

შესაბამისად, შემდგომში საქართველოს ხელისუფლება ატარებდა სამხრეთ ოსეთის ჩახშობის ეროვნულ კურსს ტერიტორიების გაქართულების მიზნით. 1989-1992 წლებში, საქართველოს კვლავ ჰქონდა ეთნიკური წმენდის მცდელობები ოს მოსახლეობასთან მიმართებაში, 2008 წელს კი, მხოლოდ რუსეთის ჩარევამ აიძულა საქართველო სიმშვიდისკენ და აღკვეთა სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის სრული განადგურება.

1920 წლის გენოციდი რჩება ღია ჭრილობად ეროვნულ ცნობიერებაზე. გენოციდის ფაქტის ფართოდ აღიარება, პერსპექტივაში საქართველოს მხრიდანაც, გახდებოდა არა მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აღდგენის აქტი, არამედ საქართველოს მხრიდან როგორც სამხრეთ ოსეთთან, ასევე აფხაზეთთან მიმართებაში, შეიარაღებული აგრესიის ახალი გამოვლინებების რეალური შემაკავებელი ფაქტორი“, – ვკითხულობთ რუსეთის დუმისთვის დეფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტის მიერ გაგზავნილ მიმართვაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ცოტა ხნის წინ გენოციდად შეაფასა 1919 და 1920 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებები რეგიონში და აღნიშნა, რომ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, თუკი რუსეთთან ურთიერთობების დალაგება სურს, კარგი იქნებოდა სცოდნოდა აფხაზ და სამხრეთ ოსეთის ხალხთან მიმართებაში ძველი ისტორია.