ვენერას ზედაპირზე გადაღებული უიშვიათესი ფოტოები — #1tvმეცნიერება
ვენერას ზედაპირზე გადაღებული უიშვიათესი ფოტოები — #1tvმეცნიერება

შეიძლება ითქვას, რომ ვენერა დედამიწის ტყუპისცალია. ზომით, შემადგენლობითა და სიმკვრივით ძლიერ ჰგავს ჩვენს პლანეტას, მაგრამ… როდესაც საქმე სიცოცხლისთვის ხელსაყრელობას ეხება, უფრო მეტად განსხვავებული სხვა რამ არც შეიძლება იყოს.

გახვეულია სქელ, ტოქსიკურ, მჟავა ღრუბლებში და მისი ზედაპირი ზედმეტად სასტიკია არა მხოლოდ სიცოცხლისთვის.

სათბურის ეფექტის წყალობით, რომელშიც ეს ღრუბლები მზის სითბოს იჭერენ და უკან, კოსმოსში გასვლის საშუალებას არ აძლევენ, ვენერას ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 464 გრადუსი ცელსიუსია. არ უნდა დაგვავიწყდეს ატმოსფერული წნევაც, რომელიც დედამიწისაზე თითქმის 100-ჯერ მაღალია.

მეცნიერები ცდილობდნენ შეექმნათ ზონდი, რომელიც ამ ძლიერ არასტუმართმოყვარე გარემოში გადარჩებოდა, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ვენერას ზედაპირიდან მონაცემები დღემდე არ გვაქვს. 1961-1984 წლებში, საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ დედამიწის ამ მეზობელ პლანეტაზე ზონდების მთელი სერია გაუშვა.

ვენერა

პროგრამას „ვენერა“ ერქვა და გარკვეული თვალსაზრისით, ის ნამდვილი ტრიუმფი იყო. პირველი პროგრამა იყო, რომელიც წარმატებით შევიდა სხვა პლანეტის ატმოსფეროში; ეს გახლდათ ხომალდი „ვენერა 3“ 1966 წელს. 1970 წელს „ვენერა 7“ პირველი ხომალდი გახდა, რომელიც წარმატებით დაჯდა სხვა პლანეტის ზედაპირზე.

ვენერა

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა „ვენერას“ რვა ზონდიდან, რომლებიც ვენერას ზედაპირზე დასხდნენ, ორ საათზე დიდხანს ვერცერთმა გაძლო, ზონდმა „ვენერა 12-მა“ 110 წუთი გაუძლო სიცხესა და წნევას, ვიდრე განადგურდებოდა. „ვენერა“ პირველი მისია იყო, რომელმაც დედამიწაზე სხვა პლანეტის ფოტოები და ხმები გამოგზავნა.

„ვენერა“ ამ დრომდე ერთადერთი პროგრამაა, რომელმაც ვენერას ზედაპირიდან ფოტოები და აუდიომასალა გამოგზავნა. ვენერა 13-მა და 14-მა ხმები ჩაიწერა, ვენერა 9, 10, 13 და 14-მა კი დაჯდომის ადგილის პანორამული სურათები გადაიღეს.

ეს მონაცემები დღევანდელი სტანდარტებით შეიძლება მცირეა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ათწლეულების წინ იყო და თანაც ისეთ გარემო პირობებში, რომელშიც ზონდების მუშაობა წარმოუდგენლად რთულია. ქვემოთ ხედავთ ვენერას ზედაპირზე ვენერა 9 და 10-ის მიერ 1975 წელს და ვენერა 13-ის მიერ 1982 წელს გადაღებულ ფოტოებს.

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა სულ რამდენიმე წელიწადია, აშკარაა სხვაობა ფოტოების ხარისხს შორის.

ვენერა

ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა ამ თითქმის 50 წლის წინანდელ მონაცემებს გადახედეს, რათა ისინი ვიზუალიზაციის უფრო თანამედროვე ტექნოლოგიებით დაემუშავებინათ; შედეგად, ვენერას საკმაოდ საინტერესო ფოტოები მივიღეთ.

ფოტოებზე ჩანს ოქროსფერი უცხო პლანეტა, თითქოს აკრძალული; ვერც კი ვიფიქრებთ, რომ იქ იმხელა ტემპერატურა და წნევაა, რომ წამში გააქრობდა სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობ ფორმას.

ოქროსფერი ელფერი გამოწვეულია ვენერას ღრუბლებში გავლილი მზის სინათლით. ბრაუნის უნივერსიტეტის მიერ დამუშავებულ ფოტოებზე გამოჩნდა, რომ პლანეტის ზედაპირზე ქანებსა და გრუნტს მუქი ნაცრისფერი შეფერილობა აქვს.

მეცნიერთა აზრით, ამის მიზეზი ზედაპირის წარმოქმნის ისტორიაა: ვენერას ზედაპირზე ვულკანური წარმონაქმნები დომინირებს; პლანეტა შეიძლება დღემდე ვულკანურად აქტიურიც კი იყოს და მიაჩნიათ, რომ მუქი ქანები ბაზალტურია.

ვენერა

დედამიწასთან მსგავსებათა გამო, მეცნიერები ვენერას უკეთესად შესწავლას ცდილობენ. ეს შეიძლება დაგვეხმაროს იმის უკეთ გაგებაში, როგორი სხვადასხვა გზებით შეიძლება წავიდეს პლანეტათა ევოლუციური ბილიკები და ჩამოყალიბდეს სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ან უკიდურესად არახელსაყრელი გარემო პირობები.

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოგვადგეს ირმის ნახტომში სიცოცხლის საძებნელად და კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს კითხვაზე პასუხის გასაცემად: როგორ გავჩნდით? და რატომ?

მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა „ვენერას“ შემდეგ ტექნოლოგია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სხვა ზონდი ვენერაზე აღარ გაგზავნილა. პლანეტის ატმოსფეროს მსოფლიოს სხვადასხვა კოსმოსური სააგენტო გეგმავს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.