ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება
ვეფხი და მოყმის ძეგლთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება

გაგარინის ქუჩის ბოლოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე (მარშალ გელოვანის გამზირი), ვეფხი და მოყმის ძეგლთან გათვალისწინებულია სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განახორციელებს. სამშენებლო ტენდერი 19 ოქტომბერს გამოცხადდა და 30 ნოემბერს დასრულდება.

ვეფხი და მოყმესთან ერთმანეთს ოთხი ქუჩა კვეთს. ამ ადგილზე განსაკუთრებით ინტენსიურია ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც რეგულირდება შუქნიშნებით. სატრანსპორტო კვანძის მოწყობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა შუქნიშნების გარეშე.

ძირითადი ტექნიკური პარამეტრებია: სიგრძე 1,0 კმ; გზის განივი კვეთი 5 ზოლია (თვითოეული 3,5 მ სიგანის); გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები 2,5-5 მ სიგანის; გზის სამოსი ასფალტობეტონის; ორი გვირაბი: 31 და 51 მეტრი სიგრძის, თითოეული სამზოლიანი; ორი U ტიპის კედელი: პირველ გვირაბთან 54 მ და მეორე გვირაბთან 40 მ სიგრძის. 5 საყრდენი კედელი (2-დან 14 მეტრამდე სიმაღლის) სულ ჯამში 271 მ სიგრძის.

პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 33 მლნ ლარია.

სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.