ვატო წერეთელი - არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში
არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას, ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ მფლობელმა ვატო წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
ვატო წერეთელის თქმით, მისი ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს.
„ყველა კრიტიკულ მედიაზე, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, აღძრეს საქმეები. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს ევაჭრონ თავისუფლებაზე. არ ვაპირებთ ჩვენ თავისუფლებაზე ვაჭრობას. ვიქნებით მსხვერპლი და წავალთ ციხეში. ის ტელევიზია შეინარჩუნებს იმ სახეს, რაც აქვს დღეს. ეს ყველაფერი ხდება მართლა 2020 წლის არჩევნებისთვის. მხოლოდ ხელისუფლებას არ აწყობს კრიტიკული მედია“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო მიმდინარეობს.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობისგარეშე.
საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. წერეთელმა გირაო გადაიხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გირაოს საფასური მისმა ოჯახის წევრმა უძრავი ქონებით უზრუნველყო.
ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).