პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვატო წერეთლის გამოკითხვა მიმდინარეობს
პროკურატურაში აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ვატო წერეთლის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურაში ვატო წერეთლის გამოკითხვა მიმდინარეობს.

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ის „ქართული ოცნების“ წევრებს თავდასხმასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. საუბარია 30 ივნისს მომხდარ ინციდენტზე.

„პირველ რიგში, მაინტერესებს ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე, ამაზე მოვედი გამოსაკითხად, თუ დღეს მოვისმინე, თურმე ანრი ოხანაშვილს შეუტანია საჩივარი. ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. პირველ როგში ამას ვიკითხავ. რაც მახსოვს, ყველაფერს მოვყვები, ყველაფერს დავადეკლარირებ რაც კი მოხდა ჯგუფურ თავდასხმასთან დაკავშირებით. დანარჩენი, მინდა, რომ ძალიან სწრაფად მოსთხოვონ ამერიკის საელჩოს ვიდეომასალა, რადგან მკაფიოდ ჩანს, როგორ ჩაიდინეს ჯგუფური თავდასხმა პარლამენტის წევრებმა. ამიტომ საელჩოსაც მივმართავ, ითანამშრომლოს ჩვენს პროკურატურასთანაც და მიაწოდონ კადრები.

ანრი ოხანაშვილი არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. ადამიანმა დაგვპატიჟა მიღებაზე და ჩაიდინა ჯგუფური თავდასხმა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო ორგანიზებული, რადგან ანრი ოხანაშვილი არ არის ემოციური, ჭკუიდან გადასული ადამიანი, რომ იქ რაღაც დამართნოდა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო განზრახული. რა იყო მოტივი? ახლა მოვდივარ გვარამიას სასამართლოდან, გვარამია რომ ახლა ციხეშია, რამე მოტივი იყო? არანაირი მოტივი არ იყო და გვარამია ციხეშია, მამაჩემი – სამი წელია, დავდივართ 71 წლის კაცის სასამართლოში, სადაც არც მომჩივანი იყო და არც დაზარალებული. დღეს მოვედი საქმეზე, სადაც მომჩივანიც არის და დაზარალებულიც, დანარჩენი უნდა გამოიძიოს პროკურატურამ.

პროკურატურას მოუწევს, ვერ გააპრავებს, ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, ეს არის აღბეჭდილი კადრებად, მთავარია, მოითხოვოს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას. მე რომ არ ვიმართლო თავი და ჩემ თავზე არ ვილაპარაკო, ეს არის კადრებით აღბეჭდილი, მოსთხოვონ ამერიკის საელჩოს. მქონდა კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო შეძლებს და ითანამშრომლებს მასთან, დაიდება კადრები და ყველას კითხვას გაეცემა პასუხი.

ოთხი კაცი იყო მოსული და ოთხმა კაცმა ჩაიდინა ჯგუფური თავდასხმა, გამომძიებელთან ახლა მოვედი და უნდა მოვუყვე მას, რა მოხდა და რა დეტალებიც ვიცი. ნება აუცილებლდ იქნება, ნიკა გვარამიაც აუცილებლად იქნება ძალიან მალე გარეთ, მის ოჯახთან. პროკურატურას აქვს თუ არა ნება, აუცილებლად მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. ვერ შემოდებს თაროზე, რადგან კარგად უნდა ესმოდეს, ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე. მივმართავ მოსამართლესაც, დარწმუნებული ვარ, რომ დაეწერება კლანის წევრს, ძალიან კარგად იცით, როგორ ხდება ყველაფერი და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, მოსამართლესაც მივმართავ, რომ ფრთხილად იყავით“, – განაცხადა ვატო წერეთელმა.