ავთანდილ წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის აცხადებს, რომ თანხას არ გადაიხდის
ავთანდილ წერეთელს 500 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ის აცხადებს, რომ თანხას არ გადაიხდის

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ამასთან, მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ავთანდილ წერეთელს აუკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.

ავთანდილ წერეთელს გირაოს თანხის გადახდისთვის 14-დღიანი ვადა აქვს. თუმცა, თავად წერეთელი აცხადებს, რომ ის თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან აღნიშნული ოდენობის თანხა მას არ გააჩნია.

„არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი. ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, ის ქნა. მოსამართლეს დაწერილი ჰქონდა, უბრალოდ მოვიდა, მოგვისმინა და წაიკითხა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდო, ეგ უნდათ. მაგას ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. მე არ გადავიხდი ამ თანხას. ვისაც უნდა გადაიხადოს“, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ ავთანდილ წერეთელმა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

ავთანდილ წერეთელს ბრალი 22 აგვისტოს ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის ფარგლებში წარედგინა. იმის გამო, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფებოდა, ბრალის დადგენილება მის ადვოკატს გადაეცა. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).