რუსთაველის გამზირზე, აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

გადაწყვეტილებას უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, აქტივისტების მხრიდან.

ბრალდებული წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებდა.

პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება წარდგენილი დანაშაული.

გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.