„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროკავშირი სათადარიგო გეგმის შემუშავებაზე ფიქრობს, თუ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე
„ვაშინგტონ პოსტი“ - ევროკავშირი სათადარიგო გეგმის შემუშავებაზე ფიქრობს, თუ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ევროკავშირი სათადარიგო გეგმის შემუშავებაზე ფიქრობს იმ შემთხვევისთვის, თუ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე.

გამოცემა ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესს.

„თავისუფალი სამყაროს ყოფილი და, შესაძლოა, მომავალი ლიდერი როდესაც ამბობს, რომ ის უმოქმედოდ იჯდება და დააკვირდება, როგორ ესხმის რუსეთი თავს ნატოელ მოკავშირეს, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს აშშ-ის ვალდებულებები ევროპისა და უკრაინის მიმართ“, – აცხადებს გამოცემის ანონიმური რესპონდენტი.

ამასთან, ის აღნიშნავს: „ჩვენ საუკეთესოს იმედი უნდა გვქონდეს, თუმცა უნდა მოვემზადოთ უარესისთვის“.

როგორც წყარო აცხადებს, უარესი სცენარი უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის ევროპის რეგიონის დესტაბილიზაციაზე ნების დართვას გულისხმობს.

ამასთან, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ევროპელი მაღალჩინოსნები განიხილავენ საერთოკონტინენტური უსაფრთხოების შექმნის საკითხს, რაც ერთგვარი დამატება იქნებოდა ნატო-სთვის და ამერიკულ უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად იმოქმედებდა, ასევე იქნებოდა საიმედო ალტერნატივა, თუკი გაუქმდებოდა ამერიკული გარანტიები. გამოცემა წერს, რომ არსებობს გარკვეული უთანხმოებებიც, მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია ვერ თანხმდებიან იმასთან დაკავშირებით, ვინ უნდა გადაიხადოს ასეთი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს კი არ სჯერათ დასავლეთ ევროპის სიმტკიცის, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ საფრთხეებს. გამოცემის ცნობით, ამერიკელი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ მათ არ შეუძლიათ მომავალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა.

ასევე, გერმანელი ევროპარლამენტარის, ჰანა ნეუმანის თქმით, არსებობს გარკვეული შთაბეჭდილება, რომ ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაშიც, ვითარება ევროპასთან მიმართებაში, შესაძლოა, შეიცვალოს. „ყველასთვის ნათელია: იქნება ეს ტრამპი თუ ბაიდენი, ევროკავშირის ქვეყნები უნდა გაერთიანდნენ და გააძლიერონ საკუთარი უსაფრთხოება. ეს არის ამოცანა“.