აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის კამპუსებში პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მოთხოვნას, დაეშალათ კარვები
აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის კამპუსებში პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ მოთხოვნას, დაეშალათ კარვები

აშშ-ის რამდენიმე უნივერსიტეტის კამპუსებში პოლიციამ პალესტინელთა მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა. ინდიანას უნივერსიტეტში სამართალდამცველებმა 23 ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, დაეშალათ კამპუსის ტერიტორიაზე გაშლილი კარვები. მასაჩუსეტსის შტატის პოლიციამ დემონსტრანტებს კარვების დაშლა ასევე ბოსტონში მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთ უნივერსიტეტშიც მოსთხოვა.

სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას დაკავებულია 102 ადამიანი. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაშია აღნიშნული, მათ პოლიციის გამოძახება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სტუდენტურ დემონსტრაციას „პროფესიონალი ორგანიზატორები შეუერთდნენ, რომლებსაც უნივერსიტეტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ“.

პოლიციამ ასევე 69 ადამიანი დააკავა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სასწავლო დაწესებულების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანთა ჯგუფმა, რომელთა უმრავლესობა არ იყო არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ან თანამშრომელი, მოაწყვეს კამპუსის ტერიტორიაზე დემონსტრაცია და ბანაკი.

ბოლო რამდენიმე დღეა, აშშ-ის უნივერსიტეტების კამპუსებში პალესტინელების მხარდამჭერმა საპროტესტო გამოსვლებმა განსაკუთრებულად მასშტაბური სახე მას შემდეგ მიიღო, რაც გასულ კვირას კოლუმბიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა.

დემონსტრანტების მოთხოვნებს შორისაა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა, ისრაელისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, ასევე, უნივერსიტეტების მხრიდან იმ კომპანიებთან თანამშრომლობაზე უარის თქმა, რომლებიც ისრაელის არმიასთან არიან დაკავშირებულები. ამას გარდა, დემონსტრანტები საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული ან გათავისუფლებული სტუდენტებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის ამნისტიას ითხოვენ.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება ნიუ-იორკის, იელის, კოლუმბიის, ჰარვარდის უნივერსიტეტებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, მიჩიგანის უნივერსიტეტში, ბერკლის უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.