ვარსკვლავი, რომელიც 70 000 წლის წინ მზის სისტემაში შემოიჭრა - ეფექტები დღემდე შესამჩნევია
ვარსკვლავი, რომელიც 70 000 წლის წინ მზის სისტემაში შემოიჭრა - ეფექტები დღემდე შესამჩნევია

დაახლოებით 70 00 წლის წინ, მაშინ როცა ადამიანები აფრიკიდან გამოდიოდნენ, მზის სისტემას ერთი უცნაური ვარსკვლავი სტუმრობდა.

მას შოლცის ვარსკვლავს უწოდებენ და არც თუ ისე დიდია, აქვს ჩვენი მზის მასის მხოლოდ 9 პროცენტი.

2015 წელს, როდესაც მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ამ მეზობელმა შორეულ წარსულში ძალიან ახლოს ჩაგვიარა, იფიქრეს, რომ მას ჩვენს მზის სისტემაზე არც ისე დიდი ეფექტი უნდა მოეხდინა.


თუმცა ამჯერად ყველაფერი შეიცვალა — მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ამ ვიზიტის ეფექტს დღემდე ვხედავთ.

მზის სისტემის ყველაზე გარე ნაწილის, ოორტის ღრუბლის ობიექტების კარგად შესწავლის შემდეგ, მკვლევრებმა თავდაპირველი დასკვნა შეცვალეს — აშკარა იყო, რომ სინამდვილეში, შემხვედრი ვარსკვლავის უკიდურესად ახლოს ჩავლამ სუსტი გრავიტაციული კვალი დატოვა მზის სისტემის უკიდურეს საზღვრებზე.

კემბრიჯისა და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტების ასტრონომებმა ანალიზები ჩაუტარეს გარე მზის სისტემაში ვრცელ ორბიტაზე მოძრავი 340 ობიექტის განლაგებას და აღმოაჩინეს, რომ ბევრი მათგანი სულაც არ მდებარეობდა იქ, სადაც მოსალოდნელი იყო.

„პრინციპში, მოსალოდნელიცაა, რომ ოორტის ღრუბლის ობიექტთა პოზიციები ცაზე თანდათან შეიცვალოს, თუმცა, აღმოვაჩინეთ ძალიან განსხვავებული შემთხვევა – გამომსხივებელთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი აკუმულაცია“, — ამბობს კვლევის ავტორი კარლოს დე და ფუენტე მარკოსი.


თუ საათს უკან გადავწევთ და ამ ობიექტებს მარჩბივის თანავარსკვლავედის ფონზე მოვათავსებთ, აღმოჩნდება, რომ მათი დახვეწილი გადანაწილების მიზეზი იქნება წითელი ჯუჯა, ე. წ. შოლცის ვარსკვლავი.

ამჟამად ეს ციცქნა, მკრთალი ვარსკვლავი ჩვენგან 20 სინათლის წლის მანძილზეა, მაგრამ 70 000 წლის წინ, მან მზის სისტემის კიდესთან ჩაიარა, ჩვენგან დაახლოებით 0,8 სინათლის წლის მანძილზე.

უფრო ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ეს მანძილი უდრის 7,6 ტრილიონ კილომეტრს, იგივე 50 000 ასტრონომიულ ერთეულს (ასტრონომიული ერთეული = მანძილს მზესა და დედამიწას შორის).

მართალია, ციფრები დიდია, მაგრამ გალაქტიკური თვალსაზრისით, ეს გახლდათ ძალიან არაკომფორტული შემოჭრა ჩვენს პირად სივრცეში. მზის სისტემის გარე „ნაჭუჭი“ ყინულოვანი მასალებისგან შედგება და ვრცელდება მისგან 100 000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ამ რეგიონს ოორტის ღრუბელს უწოდებენ.


გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ახლო შეხვედრა 70 000 წლის წინ შედგა, მაშინ, როცა Homo sapiens-ის პოპულაცია აქტიურად მიეხეტებოდა აფრიკიდან, პროცესი, რომელიც ბოლოს მათი მთელ დედამიწაზე გავრცელებით დასრულდა.

არაა გამორიცხული, რომ ჩვენს შორეულ წინაპრებს ცაზე ამ ვარსკვლავის უჩვეულო წითელი ნათებაც შეენიშნათ.

მაგრამ ისინი ნამდვილად ვერ დაინახავდნენ სტუმარი ვარსკვლავის გარშემო მოძრავ კომპანიონს — ბნელ ყავისფერ ჯუჯას, რომლის მასაც შოლცის ვარსკვლავის მხოლოდ ორ-მესამედს შეადგენდა.

ოორტის ღრუბლის მრავალი ობიექტის ერთმანეთში გადახლართული ორბიტების ტრაექტორიის შესწავლისას ჯგუფმა ასევე გაარკვია, რომ ზოგიერთი კომეტა სხვა ვარსკვლავურ სისტემაში უნდა იყოს დაბადებული.

მათ ნამდვილ წარმოშობას ალბათ დამატებითი კვლევები გაარკვევს, მაგრამ ნამდვილად წარმოიშვება საინტერესო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენი მზის სისტემის მასალების რა ნაწილია მოსული გარედან, სისტემის ფორმირების შემდეგ.


ზოგიერთი ასტრონომის ვარაუდით, ჩვენს მზეს ჰყავს ბნელი ტყუპისცალი ვარსკვლავი, ე. წ. ნემესისი, რომელმაც 65 მილიონი წლის წინ მზესთან ახლოს ჩავლისას, სისტემაში დიდი არეულობა წარმოშვა — მისმა გრავიტაციამ ოორტის ღრუბლიდან კომეტები და ასტეროიდები მზის სისტემის შიდა ნაწილისკენ გამოტყორცნა, რომელთაგან ერთ-ერთი დედამიწას დაეცა და სიცოცხლე მოუსწრაფა დინოზავრებს. ეს თეორია ასტრონომებს შორის დავის საგანია.

მაგრამ შედარებისათვის, შოლცის ვარსკვლავის სტუმრობა გაცილებით უსაფრთხო აღმოჩნდა.

დეტალურად იმის გარკვევა, კონკრეტულად რა გავლენა იქონია მზის სისტემაზე ვარსკვლავური მეზობლის სტუმრობამ, ძალზედ მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის, რადგან არაა გამორიცხული, მომავლშიც ჩაგვიაროს ასე ახლოს რომელიმე მეზობელმა ვარსკვლავმა.

გარკვეულია, რომ უახლოეს მილიონ წელიწადში, მზესთან 16,3 სინათლის წლის რადიუსში ჩაივლის 600 ვარსკვლავი. რიცხვი ნამდვილად არაა ცოტა და თუ წინასწარ გვეცოდინება, რა გავლენას ახდენს მათი გრავიტაცია მზის სისტემის კიდეებზე მოძრავ აურაცხელ ობიექტზე, ნამდვილად გამოსადეგი იქნება ჩვენი ცივილიზაციისათვის.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society: Letters-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით