სამყაროში სიცოცხლის ნიშნების ძებნისას, ხშირად აქცენტს მხოლოდ ძალიან სპეციფიკურ საგნებზე ვაკეთებთ, იმაზე დაყრდნობით, რაც ვიცით — დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც ვარსკვლავის გარშემო ისეთ მანძილზე მოძრაობს, რომ მის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა. თუმცა, სამყაროში სავარაუდოდ შეიძლება იყოს სიცოცხლის სხვა, ისეთი ფორმები, რომლებსაც უბრალოდ ვერც კი წარმოვიდგენთ.
ზუსტად ისე, როგორც დედამიწაზე გვყავს ექსტრემოფილები, ანუ ორგანიზმები, რომლებიც პლანეტის რაც შეიძლება ექსტრემალურ და არასტუმართმოყვარე გარემოში ცოცხლობენ, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ექსტრემოფილები შეიძლება მთელ სამყაროში არსებობდნენ.
მაგალითად, წარმოიდგინეთ სახეობა, რომელიც წარმოიქმნება, ვითარდება და მრავლდება ვარსკვლავების წიაღში. ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის ფიზიკოსების, ლუის ანჩორდოკისა და იუჯინ ჩუდონოვსკის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ასეთი რამ, სულ მცირე ჰიპოთეტურად სრულიად შესაძლებელია.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავ სიცოცხლეს. თუ საკვანძო კრიტერიუმად ჩავთვლით ინფორმაციის კოდირების უნარს და ამ ინფორმაციის გადამტანთა უნარს, რომ თვითგამრავლება იმაზე სწრაფად შეძლონ, ვიდრე იშლებიან, გამოდის, რომ ჰიპოთეტურ, კოსმოსურ სიმებად გაჭიმულ მონოპოლურ ნაწილაკებს, იგივე კოსმოსურ ყელსაბამებს ვარსკვლავთა წიაღში შეუძლია წარმოქმნას სიცოცხლის საფუძველი — თითქმის ისეთი, როგორიც დნმ და რნმ-ია სიცოცხლის საფუძველი დედამიწაზე.
„რნმ-ში (ან დნმ-ში) შენახულ ინფორმაციაში ჩაშიფრულია თვითგამრავლების მექანიზმი. მის გამოჩენას წინ უსწრებდა რნმ-ის შემთხვევით მიმდევრობათა მასიური ფორმაცია იქამდე, ვიდრე არ შეიქმნა მიმდევრობა, რომელსაც თვითგამრავლება შეეძლო. მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროცესი უნდა ხდებოდეს ე. წ. ყელსაბამებით ვარსკვლავში, რაც უნდა იწვევდეს თვითგამრავლების სტაციონარულ პროცესს.
მიჩნეულია, რომ ეს ე. წ. სიმები და მონოპოლები ადრეულ სამყაროში უნდა გაჩენილიყო, როცა დიდი აფეთქების შემდეგ აცივდა და მისმა შემადგენელმა კვარკ-გლიუნური პლაზმის ნაწილაკთა სოუსმა განიცადა სიმეტრიის დაშლის ფაზაში გადასვლა და მატერიად კონდენსირება, დაახლოებით ისე, როგორც ორთქლი კონდენსირდება სითხედ.
მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსური სიმები (ერთგანზომილებიანი გრძივი ობიექტები) და მონოპოლები (ელემენტარული ნაწილაკები მხოლოდ ერთი მაგნიტური პოლუსით) ჯერ არ დაგვიფიქსირებია, არსებობს ძალიან ბევრი მოსაზრება იმის შესახებ, როგორ შეიძლება იქცეოდნენ ისინი.
1988 წელს, ჩუდონოვსკიმ და მისმა კოლეგამ, ტაფტსის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ალექსანდერ ველიკინმა გააკეთეს პროგნოზი, რომ კოსმოსურ სიმებს შეიძლება ვარსკვლავები იჭერდეს. იქ კი, ტურბულენტობა ამ სიმებს იქამდე უნდა ჭიმავდეს, ვიდრე ისინი სიმების ქსელს წარმოქმნიან.
ახალი კვლევის მიხედვით, ასეთი კოსმოსური ყელსაბამი შეიძლება წარმოიქმნას სიმეტრიის რღვევის ფაზაში გადასვლებში. პირველ რიგში ჩნდებიან მონოპოლები, შემდეგ კი სიმები.
მკვლევართა განცხადებით, ამან შეიძლება წარმოქმნას ერთი მონოპოლისა და ორი სიმის სტაბილური კონფიგურაცია, რომელიც თავის მხრივ შეიძლება შეერთდეს და წარმოქმნას ერთ, ორ და სამგანზომილებიანი სტრუქტურები, დაახლოებით ისე, როგორც ატომები ქმნიან ქიმიურ ბმებს.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთგანზომილებიანი ყელსაბამი ინფორმაციის მატარებელი იყოს. თუმცა, პოტენციურად ეს უნდა შეეძლოს უფრო კომპლექსურ სტრუქტურებს და ამავე დროს, ისინი საკმარის ხანს უნდა სძლებდნენ, რათა გამრავლდნენ და იკვებონ ვარსკვლავის სინთეზის მიერ გამომუშავებული ენერგიით.
„ვარსკვლავის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან შედარებით, მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა წყვდიადში სინათლის წამიერი გაელვებაა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ნაპერწკალი გაქრობამდე ახერხებს იმას, რომ წარმოქმნას სხვა ნაპერწკლებიც და შესაბამისად, უზრუნველყოფს სახეობის ხანგრძლივ სიცოცხლეს“, — წერენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, მუტაციებითა და ბუნებრივ გადარჩევით განვითრებული კომპლქსურობა ზრდის გადაცემულ თაობათა რიცხვს. შესაბამისად, თუ თვითგამრავლებადი ბირთვული სახეობების სიცოცხლის ხანგრძლივობა ისეთივე ხანმოკლეა, როგორიც მრავალი სხვა არასტაბილური კომპოზიტური ბირთვული ობიექტისა, მათ უზარმაზარი კომპლექსურობის წარმოქმნა სწრაფად უნდა შეეძლოთ.
ჩუდონოვსკის თქმით, ჰიპოთეტური თვალსაზრისით ასევე შესაძლებელია, რომ სიცოცხლის ასეთ ფორმებს გონებრივი შესაძლებლობებიც განუვითარდეთ და ნამდვილად ჭკვიანებიც გახდნენ.
როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ასეთი სახეობა, ეს უკვე წარმოსახვის საკითხია. მათი არსებობის ნიშნების მოსაძებნად კი აუცილებელი არაა ვიცოდეთ, როგორ გამოიყურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ორგანიზმები გადარჩენისა და გამრავლებისათვის საკუთარი დედავარსკვლავის გარკვეულ ენერგიას უნდა იყენებდნენ, ვარსკვლავები, რომლებიც იმაზე სწრაფად ცივდება, ვიდრე ეს ვარსკვლავური მოდელების მიხედვით უნდა იყოს, შეიძლება მასპინძლობდნენ სწორედ იმას, რასაც მკვლევართა ჯგუფი „ბირთვულ სიცოცხლეს“ უწოდებს.
რამდენიმე ასეთი ვარსკვლავი მართლაც შემჩნეულია და მათი ოდნავ დაჩქარებული გაცივება დღემდე ამოუხსნელია. ვარსკვლავები, რომლებიც არაპროგნოზირებადად, გაურკვეველი მიზეზით ბნელდებიან, მაგალითად EPIC 249706694, შეიძლება კარგი ადგილი იყოს ამ ფენომენის საძებნელად. მკვლევრები საკითხს სიფრთხილით ეკიდებიან და აღნიშნავენ, რომ ასეთ ვარსკვლავებთან ბირთვული სიცოცხლის დაკავშირება ძალიან თამამი განცხადება იქნებოდა. თუმცა, სამყაროში ნამდვილად ბევრი საინტერესო ანომალია და შესაბამისად, საინტერესო შესაძლებლობაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ძალიან სწრაფად უნდა ვითარდებოდნენ, შეიძლება საკუთარ ვარსკვლავსაც გასცდნენ და კოსმოსის კვლევა დაიწყეს, ჩვენს მსგავსად. არც ის არის გამორიცხული, რომ მათ ვარსკვლავებს შორის კომუნიკაცია და მოგზაურობაც შეძლეს. იქნებ ერთ მშვენიერ დღეს კოსმოსში მათი არსებობაც შევნიშნოთ“, — უთხრა ჩუდონოვსკიმ ScienceAlert-ს.
ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ძლიერ თეორიული დონეზეა, მაგრამ არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც ყველაზე აბსურდულ მოსაზრებასაც კი ახალი აღმოჩენებისთვის დაუდია სათავე. მკვლევრები ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას გეგმავენ და ვარსკვლავებში კოსმოსურ ყელსაბამთა სიმულაციების შექმნასაც აპირებენ. შეიძლება ამ ყველაფერმა ვარსკვლავებში მოკაშკაშე არამიწიერი არსებები ვერ გვაპოვნინოს, მაგრამ ნამდვილად უკეთეს წარმოდგენას შეგვიქმნის კოსმოსური სიმებისა და მონოპოლების შესახებ.
ამაზე ფიქრი მართლაც საოცარია.
„ეს გახლავთ მომაჯადოებელი მოსაზრება, რომ სამყარო შეიძლება სავსე იყოს ჩვენგან იმდენად ძლიერ განსხვავებული გონიერი სიცოცხლით, რომ მათი არსებობა ვერც კი შევნიშნეთ“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის ფიზიკოსი იუჯინ ჩუდონოვსკი.
კვლევა Letters in High Energy Physics-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.