ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს, რომელთაც დაზღვევა ჰქონდათ, ზარალი აუნაზღაურდებათ
ვარკეთილის ბაზრობაზე დასაქმებული მოვაჭრეების ქონება სადაზღვევო კომპანია „ირაოში“ იყო დაზღვეული და მათ ზარალი დადგენილ ვადებში აუნაზღაურდებათ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის მარტიდან ამოქმედებული კანონის თანახმად, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს პასუხისმგებლობა იმ მესამე პირის მიმართ, ვინც მის ბიზნესსივრცეში კომერციული საქმიანობითაა დაკავებული ან მომხმარებელია. ბიზნესობიექტი ვალდებულია, შეიძინოს როგორც ქონების, ისე ჯანმრთელობის პასუხისმგებლობის დაზღვევა.
ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ბაზრობის მფლობელ კომპანია „ვარკეთილი 96“-ს აღნიშნული ვალდებულება შესრულებული ჰქონდა, შესაბამისად, კომპანიაში უკვე შევიდა შეტყობინება და „ირაოს“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე, თუმცა იქ ჯერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და წარმომადგენელთა უშუალოდ ხანძრის ადგილზე შესვლა, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მოხერხდება.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, დაზღვევა ვრცელდება 15 ათასამდე ღირებულების საქონელზე და ეს ზარალი მოვაჭრეებს უპრობლემოდ აუნაზღაურდებათ.