სამგორის გამგებელი აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულებს ვაჭრობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ და რამდენიმე თვით გადასახადისგან გათავისუფლდებიან
სამგორის გამგებელი აცხადებს, რომ ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრისას დაზარალებულებს ვაჭრობის გაგრძელების საშუალება მიეცემათ და რამდენიმე თვით გადასახადისგან გათავისუფლდებიან

ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე შეხვდა. მან მოვაჭრეებს 10-კაციანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა და დღის განმავლობაში მერიაში შეხვედრა შესთავაზა. კახა სამხარაძის თქმით, ადმინისტრაციასთან და მერიასთან უკვე შეთანხმებულია, რომ მოვაჭრეები 3-5 თვის გადასახადებისგან გათავისუფლდებიან და ასევე, ტერიტორიის სრულად აღდგენამდე მოვაჭრეებს საშუალება ექნებათ, უსაფრთხო ტერიტორიაზე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.

მერიაში გასამართ შეხვედრას სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. გამგებლის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია ყველა დაზარალებულს დაეხმარება. მოვაჭრეები შეხვედრამდე ტერიტორიაზე შესვლას და დარჩენილი საქონლის გამოტანას ითხოვენ. ასევე, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ შეხვედრას არა 10, არამედ ყველა მოვაჭრე დაესწროს.

კახა სამხარაძის თქმით, შესაძლოა ყველა მოვაჭრე კომპენსაციით კმაყოფილი ვერ იყოს, მაგრამ უნდა დაამტკიცონ, რომ გარკვეულ ქონებას ფლობდნენ.

„გუშინ შევხვდით მოვაჭრეებს და ვუთხარით, შექმნან საინიციატივო ჯგუფი და მერიაში შევხვდეთ მერის მოადგილეს, ილია ელოშვილს. სადაზღვევო კომპანია მზად არის, რომ გარკვეული ანაზღაურება გაუწიოს ამ დაზარალებულებს. ადმინისტრაცია მზად არის, რომ გადარჩენილ ტერიტორიაზე მოაწყოს დახლები და მისცეს საშუალება ვაჭრობის, თან შეთანხმებული ვართ, რომ გადასახადების გადახდის გარეშე, ანუ სამი თვიდან ხუთ თვემდე ვადით გათავისუფლდნენ. გვინდოდა, ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა, მაგრამ დღეს აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ შეხვედრის ინიციატორები, უკვე კმაყოფილი არიან სადაზღვევოს შეთავაზების და ამიტომ, უარი თქვეს შეხვედრაზე. ასევე, აღმოჩნდა რომ არის კატეგორია, რომელიც კმაყოფილია და ჩვენ მათ შევხვდებით, გავივლით ამ ინფორმაციას და შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებთ. სავარაუდოდ, ეს შეხვედრა დღეს იქნება. ახლა შექმნიან საინიციატივო ჯგუფს.

სადაზღვევო კომპანიამ თავისი შესაძლებლობების ფარგლებში შესთავაზა ამ ადამიანებს, რაც შესათავაზებელი იყო. ვისაც აქვს დეკლარირებული ქონება, მათ აუნაზღაურდებათ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან და ვისაც არ ჰქონდათ, მათაც. მაგრამ ის შედარებით დაბალი ტარიფი იქნება. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ყველა კმაყოფილი ვერ იყოს, მაგრამ უნდა დაამტკიცონ ადამიანებმა, რომ გარკვეულ ქონებას ფლობდნენ“, – აცხადებს კახა სამხარაძე.

დატოვე კომენტარი