ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ბაზრობის ტერიტორიაზე იმყოფება მოვაჭრეების ნაწილი. ისინი ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რის უფლებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ კუთვნილი ნივთები დაზღვეული არ ჰქონდათ და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
ვარკეთილში, შერეულ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ, 22:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ლოკალიზებას ამწეების გამოყენებით ცდილობდნენ. იყო საფრთხე, ხანძარი ახლოს მდებარე ბენზინგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელებულიყო. უსაფრთხოების მიზნით, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსიდან განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები კუთვნილი ნივთების გადარჩენას ცდილობდნენ. მათ სამართალდამცავებმა იმ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს, სადაც ცეცხლი გავრცელებული არ იყო.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 1500 კვ.მ-დე ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ხანძრის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.