ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალური კომიტეტის (GACVS) „კოვიდ-19“-ის ქვეკომიტეტი „ასტრაზენეკას“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შუალედური მოკვლევის ანგარიშს აქვეყნებს.
„არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მიზეზობრივი კავშირი ვაქცინასა და დაბალი თრომბოციტების შემცველობით თრომბების წარმოქმნას შორის, მიიჩნევა სარწმუნოდ, მაგრამ დადასტურებული არ არის. საჭიროა სპეციალური გამოკვლევები ვაქცინაციასა და შესაძლო რისკფაქტორებს შორის პოტენციური კავშირის გასაგებად“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის კამპანიის დროს, იმუნიზაციის შემდეგ, ქვეყნებისთვის ნორმალურია პოტენციური გვერდითი ეფექტების გამოვლენა. თუმცა, აუცილებლად არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენები თავად ვაქცინაციასთან არის დაკავშირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევები უნდა გამოიძიონ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი პრობლემის დროული აღმოფხვრა. „ვაქცინებს, ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, შეიძლება, გააჩნდეს გვერდითი ეფექტი. ვაქცინაცია დაფუძნებულია მისი სარგებლიანობისა და რისკების ანალიზზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მასშტაბით „ასტრაზენეკათი“ აცრილი 200 მილიონი ადამიანიდან გვერდითი ეფექტი ძალიან მცირე შემთხვევაში გამოვლინდა.
„გვერდითი ეფექტები ვაქცინაციიდან ორ-სამ დღეში, რომელთა უმეტესობაც მსუბუქი და ლოკალურია, მოსალოდნელია. თუმცა, პირებმა, რომლებსაც ისეთი ძლიერი სიმპტომები აღენიშნებათ, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, ტკივილი მკერდის არეში, ფეხების დაბუჟება, მუდმივი ტკივილი მუცლის არეში, ნევროლოგიური სიმპტომები, ძლიერი და მუდმივი თავის ტკივილი ან დაბინდული მხედველობა, მცირე სისხლჩაქცევები კანზე ვაქცინაციიდან 4-20 დღის განმავლობაში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.