ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
ზურაბ აზარაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შვეიცარიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს. რიგით 76-ე სესიაზე ჯანდაცვის მინისტრი სიტყვით წარდგება.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. მინისტრმა, ჰანს კლუგეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ზურაბ აზარაშვილმა ფარმაცევტული რეფორმის მნიშვნელობაზე, ასევე DRG დაფინანსების მოდელზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეფორმები სწორედ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან აქტიური თანამშრომლობით განხორციელდა.

შეხვედრაზე მხარეები საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ზურაბ აზარაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი ნინო ბერძული ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.